დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სსიპ-ად დაარსებიდან 13 წელი შესრულდა. როგორც ბიუროს პრესსამსახურში ამბობენ, ეფექტიან სააღსრულებო სისტემასთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიურო, აგრძელებს როგორც სამართლებრივ რეფორმებს, ასევე, არსებული ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას.
"სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ბოლო წლების განმავლობაში, მაქსიმალურად ცდილობს, ფეხი აუწყოს მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებას და საქმის წარმოებაში დანერგა/განავითარა ციფრული მმართველობა. განსაკუთრებით, პანდემიის ფარგლებში, ბიურომ მოახერხა, ყველა სერვისი დისტანციურად და ელექტრონულად ხელმისაწვდომი გაეხადა.
მიმდინარეობს მუშაობა სააღსრულებო წარმოების გაციფრულებაზე - ე.წ. "ელექტრონული თანაშემწის“ პროგრამაზე, რომელიც აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე, რიგი სააღსრულებო მოქმედებების შესრულებას შეძლებს. პროგრამა მოახერხებს დაზოგოს აღმასრულებლის დროისა და რესურსის დაახლოებით 35%.
მიმდინარეობს გამარტივებული საქმისწარმოების ციფრული პლატფორმის შექმნა, რომლითაც მოქალაქეები სერვისზე მოთხოვნას (აპლიკაციას) სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად დაარეგისტრირებენ. ამავდროულად, პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი საქმის მიმდინარეობას თვალყური ელექტრონულად მიადევნოს", - ნათქვამია ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ციფრული არქივი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში ინერგება.
"საქმის წარმოების დასრულებისთანავე, პროგრამა თავად შეძლებს საქმის წარმოების მიმდინარეობისა და დოკუმენტაციის ასლების დაარქივებას ელექტრონულად, ხოლო დედნები დაუბრუნდება მხარეებს.
როგორც საქმის წარმოების დედნების, ასევე ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის შექმნა-ბეჭდვა და კონვერტირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით განხორციელდება", - ამბობენ აღსრულების ბიუროში.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი განიხილავს აღსრულების ახალ კოდექსს, რომლითაც ქვეყანაში მთლიანად იცვლება სააღსრულებო სისტემა. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა და სააღსრულებო წარმოებას კერძო აღმასრულებლები განახორციელებენ.
"წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გარდა სააღსრულებო წარმოებისა, მომხმარებელს არაერთ უმნიშვნელოვანეს სერვისს სთავაზობს: ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული წარმოება, შეფასება, ელექტრონული აუქციონი და სხვა. დანერგილია მხარეთა ინტერესების დაცვისა და სოციალური მუშაკის ჩართულობა სააღსრულებო წარმოებაში. მხარეთა მორიგების მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 13 წლის გახდა და დღეს ის სრულიად გამჭვირვალე, თანამედროვე ტიპის სახელმწიფო ორგანიზაციაა", - ნათქვამია ბიუროს პრესსამსახურის პრესრელიზში.
(NS)