მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს და ხვალ არავინ დაჯარიმდება - ანრი ოხანაშვილის განმარტება პირბადის კანონზე

5ee4c9f51915d
BM.GE
13.06.20 16:36
1563
"არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ჯერ წესი მთავრობის მიერ არ არის გაწერილი,"- პირბადეების სავალდებულო წესით ტარების კანონის შესახებ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. 

მისი თქმით, კანონი საქართველოს მთავრობას ავალდებულებს კანონქვემდებარე აქტის გამოცემას, სწორედ მისი მიღების შემდეგ მოხდება წესის დარღვევისთვის მოქალაქეთა დაჯარიმება.

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა პირბადის სავალდებულო წესით ტარების შესახებ კანონი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული მუხლი 42​​11-ის მიხედვით დახურულ საჯარო სივრცეში  პირბადის ტარების წესის დარღვევა შემდეგ სანქციებს გამოიწვევს:

  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. 
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება −  გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით. 
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. 
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. 

ანრი ოხანაშვილის განცხადება პირბადეების კანონის შესახებ:

"არაფერი საპანიკო არ არის და საკითხი არ დგას ისე, რომ დღეს ვინმეს დააჯარიმებენ. ზოგადად, რეკომენდაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის, რომ დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადე უნდა ატაროს ყველამ. რაც შეეხება სანქციებს, ლოგიკურია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი ამოქმედდა, თუმცა ამ კანონშივე არის დასკვნა გაკეთებული, რომ უნდა შემუშავდეს წესი და ეს კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი. წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შესაბამისად, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით და თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს ის ადმინისტრაციული სანქციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლის მიუხედავად, შესაბამისი წესის დამტკიცებამდე, დაჯარიმება არ მოხდება.

„იურიდიული თვალსაზრისით არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ ამ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ჯერ წესი არ არის გაწერილი. წესი დამუშავებულია და ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას დეტალურ წესთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდგომ თუ არ მოხდება ამ წესის დაცვა, იქნება შესაბამისი ჯარიმა გამოყენებული. მანამდე, ეს არის რეკომენდაცია და დაჯარიმება არ მოხდება, შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ გვყავს პაციენტები, არიან ინფიცირებული პირები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ, ნუ გარისკავთ ნურავინ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვატაროთ ეს პირბადე. ეს ორი დღე, თუნდაც ჯარიმა არ იყოს გათვალისწინებული არ ნიშნავს იმას, რომ პირბადე უნდა მოვიხსნათ დახურულ საჯარო სივრცეებში. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები