როგორ შეიძლება მოღალატის მიზანი იყოს გამჭვირვალობა? თქვენ მთელი ცხოვრება უნდა ატაროთ ეს იარლიყი, - ამ სიტყვებით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
„რაც არ უნდა შევცვალოთ, უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია შევთავაზეთ, მაგრამ უარი თქვეს და მანიპულირებენ, ჩვენ შეიძლება ვეთანხმებოდეთ, მაგრამ პუნქტს დავუჭერთ მხარსო. თქვენ არ ხართ არც კანონის მხარდამჭერები. თქვენი მიზანი არ არის გამჭვირვალობა. როგორ შეიძლება მოღალატის მიზანი იყოს გამჭვირვალობა? თქვენ მთელი ცხოვრება უნდა ატაროთ ეს იარლიყი, რომელიც ფაქტებით არის დადასტურებული. რაც შეეხება ტერმინოლოგიას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით - ამ კანონპროექტის მიზანი არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა უნგრეთის საქმეში“, - თქვა ანრი ოხანაშვილმა და დასძინა, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სუვერენიტეტის დაცვას.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ სწორი ტერმინია, ვინაიდან ეს მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციაა.
„ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იღებს თანხას, არ არის ქველმოქმედი, ამას აქვს მიზნობრიობა. ნებისმიერი თანხის დახარჯვა ნიშნავს ინტერესების გატარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ფაქტების კონსტატაცია და ეს არ არის ქველმოქმედება, ანუ გაწერილია მიზნები, ამ მიზნის შესაბამისად თუ არ დახარჯავ, ამაზე შეიძლება პასუხი აგო“, - თქვა ოხანაშვილმა და ოპოზიციას მოუწოდა, გახსნან არასამთავრობოების ვებგვერდები და საზოგადოებას ანახონ, რაში იხარჯება თანხები.
„ტყუილია საუბარი იმაზე, რომ ფინანსთა სამინისტრო ყველაფერს აკონტროლებს, გრანტი არ ექცევა ადმინისტრირებაში. თუ გრანტის მიმღებს აქვს ინტერესი, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს, ამ შემთხვევაში მიმართავს და შეიძლება მხოლოდ ერთი კომპონენტი გახდეს საჯარო. საშემოსავლო გადასახადს თუ გადაიხდის ორგანიზაცია ეს არის საჯარო, დანარჩენი ყველა შემთხვევა არის დახურული“, - თქვა ოხანაშვილმა.