არსებული ნომრით, საჯარო მოხელეები დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში მხოლოდ 1 000 ლარით ჯარიმდებიან და არასამთავრობო და მედია სექტორი კანონის ამოქმედების შემთხვევაში 25 000 ლარით დაჯარიმდება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება ჯარიმებით ცდილობს გააქროს სამოქალაქო სექტორი - ეს კითხვა "რუსული კანონის" მეორე მოსმენით განხილვისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ კანონის მომხსენებელს, ანრი ოხანაშვილს დაუსვა.
"მე მაქვს კითხვა, საჯარო მოხელე დეკლარაციას რომ არასწორად შეავსებს 1 000 ლარია ჯარიმა და 25 000 ლარი ჯარიმა რატომ არის, თუ განზრახ არ გინდათ ამოწყვიტოთ არასამთავრობო სექტორი და მედია. ზოგს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებით რეგიონულ მედიას სულ არ აქვს 25 000 და სულს ღაფავენ. თუ არ გინდათ გაანადგუროთ ეს ორგანიზაციები რაც ემსახურება ამხელა ჯარიმა? ქრონოლოგიურად რომ აღწეროთ, 10, 20 და 25 ათასი ლარი რა ვადაში და რა ფორმით დაუწესდებათ ამ ორგანიზაციებს. ასევე, რომ გვითხრათ დელეგირება როგორი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებზე. ერთსა და იმავე კაცზეა საუბარი?" - ჰკითხა თეონა აქუბარდიამ მომხსენებელ ანრი ოხანაშვილს.
ჯარიმის მოცულობაზე და უცხოურ, მათ შორის, მტერი სახელმწიფოს რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციის მოცულობაზე დასვეს კითხვები სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, რა დროსაც ისინი დაინტერესდნენ რატომ გაიწერა ამ მოცულობებით ჯარიმები.
"რუსული კანონის" მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ თუ ორგანიზაციები ნამდვილად გამჭვირვალე არიან, რატომ სვამენ დეპუტატები კითხვებს მხოლოდ ჯარიმებზე, რატომ არ უნდა დარეგისტრირდნენ მედია და არასამთავრობო სექტორი რეესტრში წესების დაცვით. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი და უფრო მკაცრი ჯარიმები გაწერილია FARA-შიც.
"მეორდებოდა შეკითხვები, რომ ჯარიმები დიდია და ეს შეაფერხებს ორგანიზაციების მუშაობას ამ დროს, მე შემიძლია ვისაუბრო უცხოურ მაგალითებზე. მათ შორის კუმულაციორ მაგალითებსა და პატიმრობის შემთხვევებზე. ეს არის რეგულაციები, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ" - უპასუხა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. გამჭვირვალობის "რუსულ კანონში" პასუხისმგებლობის ნაწილზე მეცხრე თავშია საუბარი და შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
- ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით ან ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის/სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის შემდეგ ჩადენა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
- ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.
- ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 6 წლის განმავლობაში.