პარლამენტის პლენარულ სესიაზე “რუსული კანონის” მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. დეპუტატების კითხვებს ანრი ოხანაშვილი პასუხობს.
„გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო დაინტერესდა, როგორ მოხდება დაფინანსების მიზნობრიობის დადგენა და მაგალითად მოიყვანა „კანვას“ მიერ ჩატარებული ლექციები, რომელიც მმართველი პარტიის შეფასებით, რევოლუციის მოწყობას ემსახურებოდა.
„მე ყველაზე მეტად გაუგებარი მგონია მიზნობრიობის ნაწილი, რადგან შეფასებითი კატეგორიაა. რომც აპირებდეს ხალხი რევოლუციის მოწყობას, ასე საჯაროდ და პირდაპირ არავინ იტყვის, რევოლუციის ტრენინგს ვატარებო. კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, მაგალითად „კანვა“, რომელმაც საქართველოში ჩაატარა ლექციები. თქვენი მედია საშუალებებისგან და პოლიტიკოსებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ ეს იყო რევოლუციისთვის მომზადების ამბავი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, „კანვას“ გრანტი ვინც მისცა, იქ ეწერებოდა, რომ ამ გრანტის მიზნობრიობაა ლექციის ჩატარება რაღაცაზე. იქ ნამდვილად ჩატარდა ლექცია, დონორს პრეტენზია არ ექნება, ყველაფერი იქით მხარეს დალაგებულია, ოღონდ თქვენ გაქვთ ამისგან განსხვავებული შეფასებები ამ ლექციების. ადამიანი რომ ჩაწერს გრანტი ლექციისთვის, სამოქალაქო საზოგადოების გაზრდისთვის მივიღეო და თქვენ შეაფასებთ, რევოლუციისთვის მოხდაო, როგორ არკვევთ რა არის მიზნობრიობა და თუ მათ მიერ ჩაწერილი მიზნობრიობა არ დაემთხვა თქვენს მიერ დადგენილს, მერე რა ხდება?“,- მიმართა ანრი ოხანაშვილს ჰერმან საბომ.
საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ შეკითხვა სპეკულაციურია.
„მიზნობრიობა არის გათვალისწინებული კონკრეტული გრანტით. შესაბამისად, ეს მიზნობრიობა უნდა დაფიქსირდეს. თუ აცდენაა გრანტით გათვალისწინებულ მიზნობრიობასა და დაფიქსირებულ მიზნობრიობას შორის, ეს მიიჩნევა იმად, რომ შესაბამისმა აპლიკანტმა თავი აარიდა სწორი ინფორმაციის განთავსებას. ამისთვისაა გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა. სხვა გამოსაძიებელი აქ არაფერი არაა. ძალიან კარგად გაიგეთ, რა წერია და სპეკულაციურად სვამთ ამ კითხვას“,- განმარტა ანრი ოხანაშვილმა.