მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, „ექსპო ჯორჯიაში“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

63384dba6f9c1
BM.GE
02.10.22 09:22
729
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვა დღეს, 11:30 საათიდან თბილისში „ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში გაიმართება.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს და გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს. საინტერესო პროგრამა ელით ვიზიტორებსაც: გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები იზრუნებენ.

მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და თიბისი.

ღონისძიება საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენ ესანდან დრესენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი სევერიან ღვინეფაძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სუქნიძე დაესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები