მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

641c5eb1679b2
ინგა მურუსიძე
24.03.23 09:00
491
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში მოუსმენენ. ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა.

კერძოდ, პრემიერი ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარეს. მათ პრემიერ-მინისტრთან კითხვები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აქვთ.

ღარიბაშვილმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:

1. გთხოვთ, გაგვიმარტოთ, რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება? რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც? რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ, გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები და გამოწვევები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე და რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს თქვენი მთავრობა, ან როგორ იყენებს შესაძლებლობებს ჩვენს რეგიონში, ან ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის კუთხით?

2. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ, კერძოდ, კი 2016 წლიდან მოყოლებული ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ნატო და ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას უწევენ საქართველოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა ამ საკითხზე აქტიური მუშაობის საჭიროება. გთხოვთ განგვიმარტოთ, სად არის საქართველო ამ კუთხით, რა ნაბიჯები გადაიდგა თქვენი პრემიერობის პირობებში ეროვნული მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად?

3. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ორი ამოცანა გააჩნია: შეკავება და თავდაცვა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, როგორ აფასებთ საქართველოს თავდაცვის ამ ორი ამოცანის შესრულების რეალურ მდგომარეობას? რატომ არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ათი წლის თავზე გაზრდილი საფრთხეების და გამოწვევების ფონზე თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში რადიკალურად შემცირებული?

4. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან ერთი წლის თავზე რა მოიმოქმედეთ, რათა დასავლელ პარტნიორებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ნატო, ევროკავშირთან) მჭიდრო კოორდინაციით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება მომხდარიყო?

5. როდის აპირებთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციით მოწოდებული დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავებას, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას?

ღარიბაშვილი პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, ანა ბუჩუკურმა, თამარ კორძაიამ, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ და არმაზ ახვლედიანმა დაიბარეს.

რაც შეეხება ინტერპელაციის წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას, რეგლამენტით გათვალისწინებულია შეკითხვის ადრესატის მხრიდან წერილობით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემა. გათვალისწინებულია, ასევე, კითხვების ავტორების ჩაკითხვები და მომხსენებლის სიტყვით გამოსვლა.

სურვილის შემთხვევაში ფრაქციებს, და უფრაქციო დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები