მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა შედგა - BDO-ს პარტნიორი

61dd7003c2922
სალომე ჭიპაშვილი
11.01.22 17:30
801
“დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა შედგა", - ასე შეაფასა გადაცემა “საქმიან დილაში” BDO-ს საგადასახადო პარტნიორმა ქეთევან აბუსერიძემ 2019 წლიდან ამოქმედებული რეფორმა.

საქმე ის არის, რომ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2021 წელს მეტობით გადახდილი დღგ-ის დაბრუნება უპრეცედენტოდ მაღალი იყო და 1,930,000,000 ლარი შეადგინა, რაც ამ რეფორმის დაწყებამდე ბოლო 11 წელში ჯამურად დაბრუნებულ დღგ-ს აღემატება.

“თანხა მართლაც მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია. ამ მხრივ მისასალმებელი რეფორმაა და საკმაოდ კომფორტულია გადასახადების გადამხდელებისთვის, განსაკუთრებით ექსპორტიორი კომპანიებისთვის, რომელთაც აქვთ დღგ-ის დიდი  ზედმეტობები და მათთვის საბრუნავი კაპიტალი ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქეთევან აბუსერიძემ.

დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემისადმი პოზიტიური განწყობა აქვს ბიზნესსაც.

“გარდა იმისა, რომ ბრუნვების მოცულობა გაიზარდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ადმინისტრირების პროცესიც დაიხვეწა და შედარებით ნაკლები დეკლარაცია იქნა პოტენციურად სარისკოდ მიჩნეული, რაც მისასალმებელია. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ბიზნესისთვის ნიშნავს გამოთავისუფლებულ ფულად სახსრებს", - აცხადებს შალვა კილასონია, BDO-ს საგადასახადო მენეჯერი.

კრიტერიუმები, რითიც წყდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი, გადასახადების გადამხდელებისთვის არ არის ცნობილი, რადგან ეს კრიტერიუმები შესაძლო დარღვევების აღმოჩენისთვის არის შემუშავებული.

“ეს სისტემა რამდენად პოულობს რისკებს, ამის შეფასება გაგვიჭირდება, თუმცა ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვის შეტანის საფუძველი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. სისტემას არ გააჩნია სუბიექტური ფაქტორი, 90% ავტომატურადვე დასტურდება, რომ ეს ურისკოა; დანარჩენ დეკლარაციებს, რომლებიც პოტენციურად სარისკოდ ჩაითვლება, გარკვეულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აუდიტორები შეამოწმებენ და ამის შემდგომ მიენიჭებათ სტატუსი", - განმარტავს შალვა კილასონია.

დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა 2019 წლის თებერვალში ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები