მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ს 18%-იანი განაკვეთი ძალიან მაღალია, ის 12-14%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს - სანდრო რატიშვილი

62da9f89ce061
ელენე გოგბერაშვილი
22.07.22 21:40
1323
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში 2022 წლის 22 ივლისის მდგომარეობით დღგ-ს გადამხდელად 104,484 პირია რეგისტრირებული. მათთვის დღგ-ს განაკვეთი დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18%-ია. მოქმედი საგადასახადო კოდექსით, თუ დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100 000 ლარს გადააჭარბებს, ბიზნესი უკვე დღგ-ს გადამხდელად ითვლება.

მაღალი ინფლაციის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და ლარის გაცვლითი კურსის პირობებში გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი თვლის, რომ მთავრობამ საგადასახადო პოლიტიკას უნდა გადახედოს. სანდრო რატიშვილის შეფასებით, უნდა გაიზარდოს როგორც დღგ-ს 100 000-ლარიანი ზღვარი, ისე უნდა გადაიხედოს დღგ-ს 18%-იანი განაკვეთიც.

„ვხედავთ, რომ ქვეყანაში გვაქვს ორნიშნა ინფლაცია, სებ-ის მიერ დაწესებული რეფინანსირების განაკვეთის მაღალი ზღვარი. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან მაღალ რისკს ეკონომიკისთვის. ამ ინფლაციის მოთოკვისთვის მარტო ეროვნული ბანკის მიღებული ეს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი, შესაბამისად ჩვენი, ბიზნესმენების აზრით, გამოსავალი ამ სიტუაციაში იქნება გადასახადების შემცირება. მესმის, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით მსოფლიოში, ევროპაშიც, მაგრამ ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, რა პრობლემების წინაშეც იმყოფება ჩვენი მოსახლეობა მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით, რასაც ვერაფრით ვერ მოთოკილი ინფლაცია იწვევს, ერთ-ერთი კარგი და დროული გამოსავალი იქნებოდა გადასახადების შემცირება.

ამ კონტექსტში ბიზნესის გადმოსახედიდან ერთ-ერთი სასწრაფოდ მისაღები გადაწყვეტილება იქნება დღგ-ს ზღვარის 100 000-დან 200 000-მდე გაზრდა, რათა ახალდაწყებულ მცირე ბიზნესებს, რომლებიც მთავარ დამსაქმებელს წარმოადგენენ ქვეყანაში, მიეცეთ ამოსუნთქვის საშუალება“, - აცხადებს სანდრო რატიშვილი.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების დონეს არც 18%-იანი განაკვეთი შეეფერება, შესაბამისად მისი აზრით, დღგ-ს განაკვეთი 12-14%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

„აუცილებლად უნდა შემცირდეს განაკვეთი, რაც დიდი სტიმული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის. მესმის, რასაც იტყვის ფინანსთა სამინისტრო, ეს შეამცირებს, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო შემოსულობებს, მაგრამ პრობლემა აქ კი არ უნდა ვეძებოთ, პრობლემა უნდა ვეძებოთ იქ, სადაც რეალურად არის. პრობლემა რეალურად არის საბიუჯეტო სახსრების ძალიან დიდი ნაწილის არამიზნობრივ გაუმართლებელ ხარჯვაში. პირველ რიგში ბიუროკრატიული აპარატის მასშტაბებს ვგულისხმობ. საჯარო სამსახური დღეს გადაქცეულია ქვეყანაში მთავარ დამსაქმებლად, რაც კატასტროფულად არასწორია“, - აცხადებს სანდრო რატიშვილი.

რთული სათქმელია, რამდენად შეცვლის საგადასახადო პოლიტიკას მთავრობა იმის გათვალისწინებით, რომ დღგ-ს გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მიმდინარე წლის 6 თვეში სულ მთავრობამ დღგ-დან 3.3 მლრდ ლარის გადასახადი აკრიფა, საიდანაც 2,7 მლრდ ლარი ცენტრალურ, 645 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში დარჩა. აღსანიშნია ისიც, რომ დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს სახელმწიფომ მიმდინარე წლის 6 თვეში 1,2 მლრდ ლარი დაუბრუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები