“ჩვენ ბევრად უფრო პროგნოზირებადს გავხდით გარემოს როგორც ქართველი, ისე ევროპელი ბიზნესმენებისთვის, ვინც საქართველოში აპირებს მოღვაწეობას”-ამის შესახებ განცხადება დღგ-ს რეფორმაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ყველა ის გამარტივებული პროცედურა, რომელიც აქამდე არსებობდა დღგ-სთან დაკავშირებით შენარჩუნდება. რაც შეეხება დღგ-ს რეფორმას, ცვლილებები ფინანსთა სამინისტრომ, ვიდეორგოლის საშუალებით წარმოადგინა და ის ასე გამოიყურება:
1. ფართოვდება მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ დაიბეგრება;
2. ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლების გათავისუფლებული ოპერაციები;
3. საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად;
4. სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების ან საქონლის მოწოდება;
5. არ დაიბეგრება ორგანიზაციის მიერ სახსრების მოზიდვის მიზნით სამედიცინო საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობა;
6. არ დაიბეგრება საქონლის ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის გადაცემა;
7. მარტივდება საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები;
8. დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირს აღარ ექნება შეზღუდვა აღრიცხვა აწარმოოს საკასო მეთოდით.
ამასთან, დღევანდელ პრეზენტაციაზე ფინანთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა დღგ-ს რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც დაასახელა და განმარტა, რომ ქართული და ევოპული დღგ-ის შესაბმისობა ქმნის შესაძლებლობას შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.