იურისტ ვახუშტი მენაბდის აზრით, დღეიდან, ავტორიტარიზმის გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ. ასე ეხმაურება ის სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54,08% მიიღო. „ორგანიზების დროა“, - წერს იურისტი.
ვახუშტი მენაბდის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს. დღეიდან, უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ. კარგა ხანია, ძალაუფლება უზურპირებულია და არჩევნების შედეგებმა ეს უბრალოდ გააფორმა (იმის მიუხედავად გუშინ რა მასშტაბის იყო დარღვევები). სულ ცოტა გაზაფხულის შემდეგ ეს ნათელზე ნათელია.
ამიტომ ახლა მთავარი სტრატეგია ვერ იქნება პარტიების მიმართ დამუნათებაშერეული მოწოდებები: “ჩვენი ხმები უნდა დაიცვათ!” “მტკიცებულებები მოაგროვეთ გაყალბების!” - ეს პასუხისმგებლობის გადაბარებაა (და ცოტა ფრუსტრაციის გემო დაჰკრავს), მაშინ როცა პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.
„ოცნებამ“ საზოგადოება ორად გაყო, მისი ერთი ნაწილი, გამოაცალკევა და არაკეთილსაიმედო მოქალაქედ გამოაცხადა, ამავდროულად კი მთელი პოლიტიკური სისტემა მიიტაცა. არჩევნების შედეგები ამ ოპერაციის დასასრულია უბრალოდ. ამ ოპერაციის შედეგად მან გადაჭრა ჩვენი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებასთან.
ის, რაც ჩვენ მოქალაქეებად გვაქცევდა, რასთან მიმართებით საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, განვსაზღვრავდით ხელისუფლებამ გაანადგურა. ეს “ჩვენ” ოცნებისვე სტატისტიკითაც კი ამ ქვეყნის ნახევარი ვართ (და ისე კი ბევრად მეტი) და გვევალება ერთმანეთი ვიპოვოთ.
ახლა ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ერთადერთი ამოცანაა ეს გაწყვეტილი კავშირი აღვადგინოთ და ამას ვერავის ვერ გადავაბარებთ. ამ კავშირის აღდგენის გზაზე შეიძლება ბევრი რამე გვეღობებოდეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მათგან პირველია.
ამდენად ახლა ჩვენი ფიქრი, მოქმედება და ენერგია მიმართული უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ადგილის დაბრუნებისკენ, ჩვენი ქვეყნის დაბრუნებისკენ, ამ გადაჭრილი კავშირის აღდგენისკენ. ეს როგორ გავაკეთოთ ამას ვერც სადამკვირვებლო ორგანიზაციები გვეტყვიან, ვერც ეუთო და ვერც არსებული პარტიები.
ტყუილად ველოდებით მათ, მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ, რესურსები უნდა გავაერთიანოთ, გრძელი და რთული გზა გვექნება გასავლელი და მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენ არ გვჭირდება ფუჭი იმედები, რომ ვიღაცა გამოააშკარავებს, დაიცავს, უზურპატორს დაამარცხებს, რადგან ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, ნათელია, რაც დასაცავია და ისიც ვიცით, რომ ამას ნება სჭირდება, გამარჯვების ნება.
ეს არის განსხვავება ნებას და იმედს შორის. იმედს სხვა გაძლევს და ნება შენში ყალიბდება. იმედი შეიძლება გაიფანტოს, მაგრამ ვინმე თქვენგანი ფიქრობს, რომ სურვილი - დაიცვა საკუთარი ღირსება და დემოკრატია - შეიძლება გაუქრეს?!“, - წერს ვახუშტი მენაბდე.