მმართველი ძალა ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს ცვლის. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს არის ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
"ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში
მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული", - წერია განმარტებით ბარათში.
თუმცა, კანონპროექტის ავტორების განცხადებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც „ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის არქონით იქნა გამოწვეული“.
კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც კანონში შედის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ პაკეტს, შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას.
2 მაისს რეგისტრირებული კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი.