მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს 60%-ს აჭარბებს ჩვენი ნდობა... ამას უნდა შეეგუოს ყველა, ოდიოზური ევროპარლამენტარებიც - ირაკლი კობახიძე

კობახიძე
26.04.24 15:02
102

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მისი მიზანი მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევაა, ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლის მიზნით.

ჟურნალისტების მიერ რეზოლუციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი იმ ყველაფრის გამეორებაა, რაც ხდებოდა 2022 წელს რევოლუციის მოწყობის მიზნით.

„მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო მათ შორის დამნაშავეების გათავისუფლებაზე და საუბარი იყო იქაც ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემდეგ, საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა თქვენ გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები. ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ამ ყველაფრის გამეორებაა.

აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, ერთგვარი ნეგატიური ფონი გააჩინონ ქართულ საზოგადოებაში. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, უფრო სწორად მათ უფროსებს, ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, იმისთვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა. ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. დღეს 60%-ს აჭარბებს ჩვენი ნდობა საზოგადოებაში, ამას უნდა შეეგუოს ყველა, მათ შორის ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები“,- ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, 25 აპრილს ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები