პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად აქციეს. მან ამის შესახებ ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროპარლამენტის რეზოლუციებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისივე შეფასებით, სიცრუით სავსეა.
"ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია.
ევროპარლამენტმა გასული სამი წლის მანძილზე მიიღეს სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არჩევნების საკითხს. მასში არის მოწოდება, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არ აღიარებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
რეზოლუციაში კვლავ არის მოწოდება ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქცირებაზე. ამასთან, მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე. ასეთებად კი დასახელებულია: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, მოწოდებაა იმ მოსამართლეების სანქცირებისკენ, რომლებიც გამოიტანენ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს.