დღეს, ჩვენ ახალ პროგრამას არ ვითხოვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაფასოთ დღევანდელი პროგრესი და ამის შესაბამისად გამოიკვეთოს საჭიროებები, რომელიც გადაგვაწყვეტინებს ეს იქნება პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა თუ პროგრამის გარეშე,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა IMF-თან დაკავშირებით BMG-ის კითხვას.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ქონა თვითმიზანი არაა.
"ღიად ვსაუბრობთ, ჩვენი თვითმიზანი არ არის გვქონდეს პროგრამა. ჩვენთვის [IMF-ის პროგრამას] რა ფასიც აქვს, მთავარია იმ მიზნებს მივაღწიოთ. მიზნებია საქართველოს განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სტრუქტურული რეფორმების მაღალი ხარისხით განხორციელება და ა.შ. თუ ამ ყველაფერს ვაღწევთ, როგორი ფორმით ვაღწევთ, არაა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება IMF-თან თანამშრომლობას, ჩვენ ძალიან ვაფასებთ და მიგვაჩნია, რომ ძალიან ღირებულია, მათ შორის მეოთხე მუხლის ფარგლებში მისიას სრული მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების, ეროვნული ბანკის მხრიდან. იყო დეტალური შეხვედრები და განხილვები საათობით გრძელდებოდა, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა, უახლოეს დღეებში, ალბათ, ვიხილავთ დასკვნას, რომელსაც გააკეთებს IMF. ვფიქრობ, ის ობიექტურად ასახავს რეალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ეხება, მათ შორის პროგნოზებს",- ამბობს დავითაშვილი.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას სჯერა, რომ ყველა ძირითადი რეფორმა, რომელიც შეჩერებულ პროგრამაში იყო ასახული, განხორციელდა. დავითაშვილი აცხადებს, რომ ახალ პროგრამაზე საუბარი ვერ იქნება, ძველი პროგრამის შესრულებაზე IMF-ის შეფასების გარეშე.
"რაც შეეხება არსებულ პროგრამას, ამაზეც ძალიან ღია დიალოგი გვაქვს IMF-თან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდმა დააფიქსიროს კონკრეტული პოზიცია არსებული პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ ჩვენ ყველა ძირითადი კრიტერიუმი, რეფორმა, რომელიც პროგრამაში იყო ასახული, განვახორციელეთ და საქართველო ამ რეფორმებს ფაქტობრივად აქტიურად მიუყვება. [პროგრამის] სტატუსი არის შეჩერებულობის და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ შეაფასებენ საინტერესოა, რომ შემდეგ პროგრამაზე ან პროგრამის ფარგლებში ურთიერთობაზე ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება დარჩეს ისე, რომ რაღაც პროგრამა არსებობდა, ჩვენ არ ვიცით იქ რა სტატუსი მივიღეთ, რა შესრულდა, რა არ შესრულდა და ვისაუბროთ ახალ პროგრამაზე ამის გარეშე. ასეთი მარტივია ჩვენი დიალოგი IMF-თან. ვფიქრობ, მათი მხრიდან ეს სრულიად გააზრებულია და გაგებულია. ჩვენ პროგრამის ფარგლებს გარეშეც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს მათ შორის ექსპერტულ დონეზე",- განაცხადა დავითაშვილმა.
BMG-ის კითხვას, ხომ არაა ეს ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი ულტიმატუმი, დავითაშვილი ასე პასუხობს: "არა, რატომ უნდა ვისაუბროთ ულტიმატუმის ენით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებთ საქართველოს ინტერესებს ყველა დონეზე. როგორ შეიძლება პარტნიორებს ულტიმატუმით ვესაუბროთ, ეს ჩვენს სტილში არ არის".
რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა - მიზეზების ქრონოლოგია:
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.




























