6-ჯერ გადავადების შემდეგ, ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი დღეიდან ამოქმედდა. "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის" განცხადებით, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა.
2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე ბაზრის მონაწილეები არიან:
- სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
- შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
- შპს რიცეულაჰესი;
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.
ცნობისთვის, დღეს ამოქმედებული ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.