მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს არსებული ვითარება ლარისთვის ძალიან პოზიტიურია - ნადარაია

ოთარ ნადარაია

"თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ დღეს არსებული ვითარება ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს. დადებით ფაქტორებს შორის ნადარაია ასახელებს გაუმჯობესებულ სავალუტო შემოდინებებსა და ლართან დაკავშირებულ მოლოდინებს, ასევე თავად დასუსტებულ დოლარს.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს არსებული ვითარება ლარისთვის ძალიან პოზიტიურია. ამ ვითარებას სამი ფაქტორი განაპირობებს. პირველია წმინდა სავალუტო შემოდინების გაუმჯობესება. ვხედავთ ტურიზმში, გზავნილებში, ექსპორტ-იმპორტში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს.

მეორეა ის, რომ არჩევნების პერიოდში მნიშვნელოვანი თანხები გადაკონვერტირდა ლარიდან დოლარში, გაუფასურების მოლოდინის გამო. ამან ლარზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია, მაგრამ დღეს ასევე ვხედავთ, რომ ამ თანხების ნაწილის უკან ლარში კონვერტაცია ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მანამდე მოლოდინი იყო, რომ ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა არჩევნების მერე და ძალიან ბევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა გადაახურდავა მაგალითად ლარის დეპოზიტი დოლარში, ასევე ბევრმა ვალუტის სესხის ნაცვლად უფრო მეტი ლარის სესხი აიღო, ანუ დღეს ვხედავთ ამ პროცესის გარკვეულწილად შემოტრიალებას. მთლიანად არა, მაგრამ ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი და ესეც რა თქმა უნდა, ლარის გამყარებაზე მოქმედებს.

მესამე ფაქტორი არის ის, რაც ხდება საერთაშორისო ბაზრებზე, ვგულისხმობ დოლარის დასუსტებას. რატომ ვამბობ მიმდინარე პერიოდში, იმიტომ, რომ ტარიფებთან დაკავშირებული თემის პროგნოზირება საკმაოდ რთულია", - ამბობს ნადარია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს, ნადარიას თქმით, მათი პროგნოზით, მეორე კვარტალში ეროვნული გასულ წელს წინასაარჩევნოდ გაყიდულ რეზერვებს სრულად შეივსებს.

"შარშან გაუფასურების მოლოდინებს არ მოჰყვა ლარის გაუფასურება. ამაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, დაახლოებით 600-700 მილიონი დოლარის გაყიდვა მოხდა იმ რამდენიმე თვიან პერიოდში. მარტში უკვე 102 მილიონი შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა. მეორე კვარტალში ჩვენი პროგნოზია, რომ 500-600 მილიონი დოლარით შეივსება რეზერვები. გამოდის, რომ რაც სებ-მა შარშან ამ პერიოდში გაყიდა, უკვე მეორე კვარტალში ვიხილავთ ამ რეზერვების უკან შევსებას. ასეთია ჩვენი პროგნოზი", - ამბობს ნადარია.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლს, ნადარია პასუხობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

"ეკონომიკური აქტივობის კუთხით უფრო ზომიერი პროგნოზი გვქონდა, უფრო მეტად ველოდებოდით ეკონომიკური აქტივობის შენელებას, ვიდრე ვიდრე დღეს არის. დღესაც გამოქვეყნდა 7.5%, ესეც მაღალი მაჩვენებელია. დაკრედიტების ნაწილი კვლავ ძლიერია, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი მხარდამჭერი ასე ვთქვათ ეკონომიკური აქტივობის დაკრედიტებაა. ახლა რომ გითხრათ პირდაპირ შემიძლია დავითვალო ეკონომიკური აქტივობა ზუსტად საქსტატთან ერთად, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

ჩვენ პუბლიკაციებში არის აღნიშნული, რომ მიმდინარე ზრდის ტემპი უფრო მაღალია ვიდრე ჩვენი მოლოდინი იყო. 2025 წლისთვის ჩვენ უფრო დაბალი ზრდის პროგნოზი გვქონდა, ანუ უფრო მაღალია ზრდის ტემპი ვიდრე ველოდით.

შეიძლება წინააღმდეგობრივაც ჟღერს, მაგრამ ძლიერი ზრდა ყველას გვიხარია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ორნიშნა ზრდა თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვექნა, ზრდის რისკებს რომ უკვე მერე შეიძლება შემცირდეს. ეს ასე ხდება ყველა ქვეყანაში. მაგალითად კოვიდის დროს ამის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. ჯერ ერთი არც იყო მანამდე ასეთი ზრდა, მაგრამ კოვიდი სულ სხვა შოკი იყო. სამწუხაროდ ტრაგიკული, მაგრამ სხვა შოკი. ეს ეს დინამიკა რაც არის უკვე ეკონომიკურ ციკლებთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ზუსტად ახლა პროცენტი პროცენტში გამიჭირდება თქმა, მაგრამ აჩქარება და აქტივობა არის და ეს თითქმის ყველა ინდიკატორიდან ჩანს", - ამბობს ნადარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები