"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია იმ ფაქტორებს გამოყოფს, რითაც დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება აიხსნება.
როგორც ნადარაიამ BMG-ს განუცხადა, თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, უცხოური ვალუტის დეპოზიტები ლარის დეპოზიტებზე მეტად იზრდება, რაც ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს, თუმცა მისივე თქმით, ეს ფაქტორი დროებითია.
„დიდი გაუფასურება არაა. რაც შეეხება მიზეზებს, რაც შევნიშნეთ ბაზრის დინამიკაში, 26 თებერვლიდან მოყოლებული ლართან შედარებით დოლარის დეპოზიტების უფრო მეტი მატება იყო, ეს როგორც წესი, უარყოფით გავლენას ახდენს ხოლმე ლარის კურსზე“,- ამბობს ოთარ ნადარაია.
რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირებას, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მიუხედავად, მოლოდინები არ შეცვლილა და პროგნოზია, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-თან ახლოს იქნება.
მისივე თქმით, მართალია მიგრანტებთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებების პიკი გადავლილია, თუმცა ქვეყნის წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ მაღალია. ნადარაიას განმარტებით, „თიბისი კაპიტალი“ კურსთან დაკავშირებით წლის განმავლობაში მცირე გაუფასურების პროგნოზს ინარჩუნებს.
„მიგრაციის პიკი გადავლილია, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მიგრაციის ეფექტი მცირდებოდა, წმინდა სავალუტო შემოდინებები არ იკლებდა, ესაა მნიშვნელოვანი, სხვა ფაქტორები აბალანსებდა. მარტის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა თებერვალში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ რეალურად ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი დაუბრუნდა ვალუტის ყიდვას, ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე დოლარის მეტი მიწოდებაა, ვიდრე ლარის. მთლიანობაში, კურსთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი უცვლელია, გვაქვს მცირედი, მაგრამ გაუფასურების პროგნოზი. ჩვენი საბოლოო სცენარით, 2024 წლის ბოლოს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.75-2.80-ის ფარგლებშია“,- ამბობს ეკონომისტი.
19 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა და 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7128 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება რამდენიმე დღეა დაიწყო და 13 მარტის კურსთან შედარებით, ცვლილება უკვე 5 თეთრზე მეტია. ასევე 5 თეთრზე მეტადაა გაუფასურებული ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9529 ლარია.