მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს, ბევრი ბიზნესი, რა თქმა უნდა, რთულ სიტუაციაშია" - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ დღეს, ბევრი ბიზნესი, რთულ სიტუაციაშია. ამის შესახებ მან 100-მდე ბიზნესმენის და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტროში მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ იმ ბიზნესებს, ვინც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დროს დაზარალდა.

„ის პროცესები, რაც ნეგატიურად ისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ბიზნესზე და დღეს ბევრი ბიზნესი, რა თქმა უნდა, რთულ სიტუაციაშია... მაგალითად, ეს არის სტუმარმასპინძლობის სექტორი და რიტეილ სექტორი, ვფიქრობ, 2025 წლის განმავლობაში [სიტუაცია] შეიცვლება.

სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და გარკვეულ ანალიზს. გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნესჯგუფთან. ამ კვირის განმავლობაშიც მაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნესთან, ისეთ ჯგუფებთან, ვისზეც პირდაპირ ისახებოდა პროტესტი. გვესმის, რომ [საპროტესტო აქციები] ყველაზე ერთი პროპორციით არ აისახა. ამიტომ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ. საბოლოოდ ჩვენ გვესმის, რომ როცა მდგომარეობა შეიცვლება, სიტუაცია დასტაბილურდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის რომ ფუნდამენტური პირობები შენარჩუნებულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა და აღიარება, რაც საზოგადოებას და ბიზნესს გაამხნევებს.

„საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებას უფრო გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა წარმატებისკენ მიმავალი გზაა. ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი დიპლომატიით მოხდება.

იცით, რომ 2025 წლიდან პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ჩვენი მოლოდინებია, რომ დიალოგის პარალელურად, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ყველაზე მეტად საზოგადოებას, განსაკუთრებით ბიზნესს, დღეს, აწუხებს ქვეყნის პოტენციური იზოლაცია; რა თქმა უნდა, ამასაც გაეცემა პასუხი, რომ ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი. საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პარტნიორობის რეჟიმი, მათ შორის აშშ-თან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები