დღეს, 20 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture, ფესტივალს, სახელწოდებით “EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices - მოქმედება”-ს გორის ხელოვნების სახლში უმასპინძლებს. ორდღიანი მრავალფეროვანი ღონისძიება, ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტის კულმინაციას წარმოადგენს.
ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიც.
"ფესტივალის მიზანია, საქართველოში კულტურისა და შემოქმედებით სექტორებზე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის EU4Culture შედეგები და მათი გავლენა წარმოაჩინოს. დინამიკური პროგრამის გათვალისწინებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივა.
ფესტივალი ერთ სივრცეში მრავალფეროვან ისტორიებს, წარმოდგენებსა და გამოცდილებას გააერთიანებს, რაც EU4CULTURE პროექტში მონაწილე რეგიონული ქალაქების უნიკალურ კულტურულ ლანდშაფტებსა და იდენტობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ღონისძიება ასევე თვალსაჩინოს გახდის თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულმა პროექტმა თითოეული პროექტში ჩართული ქალაქის კულტურული ნარატივის ჩამოყალიბებაზე. ფესტივალის მთავარი თემა მოქმედებაა, როგორც შემოქმედების მრავალფეროვნება, რომელიც ფოკუსირებულია ინდივიდის ქალაქისგან მიღებულ უნიკალურ გამოცდილებაზე და მსგავსი გამოცდილების კოლექტიურად გამოხატვის შესაძლებლობაზე.
ფესტივალში მონაწილეობას 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის პროფესიონალი მიიღებს, რომელთაც ასევე შეუერთდებიან მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, როგორიც არის: გამოფენა, აუდიო-ვიზუალური და ცეკვის წარმოდგენები, საჯარო საუბრები, ვორქშოფები, მასტერკლასები, ფილმის ჩვენები და სხვა", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა ეწვიოს ფესტივალს და კულტურისა და შემოქმედების დღესასწაულს ეზიაროს.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.