მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტი

დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიანეა.

"ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოზე" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მდგომარეობაზე. 2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია "დე ფაქტო" შეჩერებულია, მთავრობის პოლიტიკის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მდგომარეობაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ მიიღო ისეთი კანონები, რომელთა მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გაქრობა წარმოადგენდა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ამ კანონების უმეტესობა რუსეთში ტოტალიტარული რეჟიმის ადრეულ პერიოდში განვითარებული მოვლენების ასლია და იქიდან არის გადმოტანილი. დოკუმენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააუქმოს ეს კანონები, რადგან ის ხელს უშლის ქვეყანას დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე.

ანგარიშში ასევე შეშფოთებაა გამოხატული სამოქალაქო აქტივისტების ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში ასევე არის მოწოდება "იმედის" , პოსტვის" და რუსთავი 2"-ისთვის ევროპულ სტრუქტურებში აკრედიტაციის გაუქმებაზე.

"მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ აღნიშნული მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის სტრუქტურებში, ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შეზღუდვები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში კვლავ არის მოწოდება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ.

"კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები