როგორც ბათუმელები წერს, დღეს, 12 ოქტომბერს პრაღაში მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას საერთაშორისო ჯილდო გადასცეს.
„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – აცხადებს მასპინძელი „ფორუმ 2000“.
საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით „ფორუმი 2000“-ს საბა ბრაჭველი ესწრება.
„ფორუმი 2000“-ს მონაწილეებს მზია ამაღლობელის გზავნილები გაუზიარა თამარ რუხაძემ – ნეტგაზეთისა და ბათუმელების წარმომადგენელმა:
„სიმამაცე და პასუხისმგებლობა – ეს ორი სიტყვა ალბათ ყველაზე უკეთ აღწერს მზიას, ვიდრე სხვა ნებისმიერი.
სწორედ მისი გამბედაობა უზარმაზარი უსამართლობის წინაშე იყო ის, რამაც მას დღეს მას ეს ჯილდო მოაპოვებინა.
და მისი ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობა იყო ის, რაც თან მიჰყვებოდა მისი პროფესიული კარიერის 25 წლის მანძილზე.
ორივე მათგანს ერთ წყარო აქვს: ესაა მისი გულწრფელი სიყვარული თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისადმი. მას მთელი თავისი არსებით სჯერა, რომ პრესის თავისუფლების დაცვა ნიშნავს ხმის მიცემას ყველაზე დაუცველებისთვის და ამ გზით ძალაუფლების მიცემას მათთვის, ვისაც ეს ძალაუფლება ერთი შეხედვით ყველაზე ნაკლები აქვს.
სწორედ მისი სიმამაცე დაეხმარა გადაეტანა დაპატიმრება, არაადამიანური მოპყრობა, დაშინება და 38-დღიანი შიმშილობა…
მზია რომ აქ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა, რომ ის ამ ჯილდოს იღებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის გუნდის და თავისი კოლეგების სახელით. საქართველოს იმ მამაცი ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დღევანდელი წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრში არიან.
ისინი იმსახურებენ თქვენს ყურადღებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას. ამიტომ გთხოვთ – ხმა აიმაღლეთ მათ დასაცავად.
საქართველოს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტპატიმრებისა და იმ მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც რუსული გავლენის წინაშე არ ნებდებიან.
რადგან ეს ბრძოლა არ ეხება მხოლოდ ძალაუფლების მყოფ ერთ პარტიას – ეს ეხება რუსეთის მცდელობას, ჩვენი მთავრობის დახმარებით, საქართველო საკუთარ ორბიტაში დააბრუნოს.
და საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო ამ ბრძოლაში, რადგან ევროპისა და დემოკრატიის უსაფრთხოება სწორედ ასეთი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლით იწყება.
და ჩვენ დღეს გვჭირდება მხარდაჭერა – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებით.
მოქმედებებით, რომლებიც რეალურ შედეგებს მოუტანს მათ, ვინც ებრძვის დემოკრატიას, ანადგურებს მედიას და არღვევს ადამიანის უფლებებს.
სანქციები მათთვის, ვინც იტაცებს სასამართლოს, ახშობს განსხვავებულ აზრს და შიგნიდან შლის ინსტიტუტებს.
ახლახან, ქართველმა ემიგრანტებმა შექმნეს მოძრაობა მზია და მზია სია – ეს არის სია, რომელშიც დოკუმენტირებულია ის ხალხი, ვინც პასუხი უნდა აგოს თავისუფლებაზე თავდასხმისთვის: ვინც აყალბებს მტკიცებულებებს, გამოსცემს უსამართლო განაჩენებს, ავრცელებს ანტიევროპულ პროპაგანდას და თავს ესხმის ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მოქალაქეებს.
ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს ამის ძალაუფლება – გამოიყენეთ ეს სია. დააკისეთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს.
დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს იმ იდეის მხარდაჭერას, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია, და რომ ძალაუფლება ეკუთვნის მათ, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე, მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება ძალიან საშიშია.
და სწორედ ეს დაგვანახვა მზიამ:
მათ შეიძლება გამოგკეტონ ციხეში, მათ შეიძლება წაგართვან სინათლე, მაგრამ ვერსადროს გაგტეხენ, როდესაც სიმართლე შენთანაა.
სიმართლეა დღეს ჩვენი იარაღი და ჩვენ ამ იარაღით ვიბრძვით. ვიბრძვით თავისუფლებისთვის – რადგან მის ნამდვილ ფასს მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც ხედავ, რას ნიშნავს მისი დაკარგვა. და ჩვენ ეს ცხადად დავინახეთ.
ამიტომაც ვერც ციხის კედლები, ვერც ჯარიმები და ვერც მუქარა ვერ ჩაახშობს თავისფულების წყურვილს.
ამიტომაც ვიბრძვით – ბოლომდე, ვიდრე, გვიანი არ არის“.




























