"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს არის იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა იყოს მიღებული, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
კობახიძის თქმით, 2023 წელს, როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა კონკრეტული განცხადებები, მას ჰქონდა მინიშნებები და ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა კორუფციას.
„ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვგულისხმობ 2022-2024 წლებს. როდესაც იყო უამრავი მიმართულებით ფრონტი გაშლილი და საბედნიეროდ, არა საომარი ფრონტი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, არ ვასახელებ გვარებს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ეს ქვეყნის ღალატია. როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა უფრო უხეში შეფასებებით გამომივიდეს.
2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა, თან საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა იცოდა - ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცებს დასჭირდა მეტი, რაღაცებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას - კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ზომებზე გაამახვილა ყურადღება.
"საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა. სადაც გვქონდა ეჭვები, იქ ზომებიც მივიღეთ. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან. ეს არის ჩვენი მიდგომა. არსად თვალს არ დავხუჭავთ, არაფერთან დაკავშირებით, წარსულში იყო ეს, დღეს არის თუ ხვალ. მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ გაქვთ ეჭვები კორუფციის შესახებ და მზად ვართ, რომ ყველაფერში ჩავიხედოთ, ყველაფერში ჩავერიოთ და ყველაფერზე გაგცეთ პასუხი.
მთავრობის ყველა აქტი 2024 წლის თებერვლიდან არის სრულიად ღია და გამჭვირვალე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩახედოს, გამოქვეყნებულია ათასობით აქტი. ერთი აქტიდან მაინც თუ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ, გავცეთ ნებისმიერ კითხვას პასუხი. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერებთან, შესყიდვებთან დაკავშირებით, ყველა პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, ყველაფერი იქნება ღია და გამჭვირვალე. აქაც მთლიანად შეიცვლება პრაქტიკა. პირდაპირი მიყიდვა ხდებოდა ძალიან ხშირად, პირდაპირი წესით ქონების გახსვისება, ასეთ პირობებში ბიუჯეტი კარგავდა თანხებს. ყველა ობიექტი გადის 2024 წლის თებერვლიდან აუქციონზე. მთავრობის ჩამოყალიბების დღიდან, ყველა ობიექტი გადის აუქციონზე, შესაბამისად, აქაც თეორიულადაც შეუძლებელია რაიმე კორუფციული გარიგების დადება. ეს არის მთავარი, როდესაც საუბარია კორუფციის დაძლევაზე",- ამბობს კობახიძე.




























