დღეს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის რიგით მეხუთე ინაუგურაცია მიმდინარეობს.
კრემლში აცხადებენ, რომ 7 მაისს დაგეგმილ ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსკოვში წარმოდგენილი ყველა უცხოური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები მიიწვიეს.
მიუხედავად ამისა, ვინ დაესწრება და ვინ არა ინაუგურაციას ამაზე ევროკავშირში ერთობა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ 71 წლის პუტინის ინაუგურაციაზე ქვეყნების დიდი ნაწილი წარმომადგენლებს არ გაგზავნიან.
„როიტერი“ პარიზში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცერემონიალს რუსეთში საფრანგეთის ელჩი დაესწრება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ცერემონიას არ დაესწრებიან. გერმანიამ, ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე რუსეთიდან ელჩი გაიწვია.
ინაუგურაციაზე იქნება რუსეთის საბაჟო კავშირის და დსთ-ს ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, გარდა სომხეთისა. სომხეთის პარლამენტის სპიკერის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც არ დაესწრება.
გაერთიანებულმა სამეფომ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ასევე განაცხადა, რომ კრემლში 7 მაისს წარმომადგენლის გაგზავნას არ აპირებს.
ინაუგურაციას არ დაესწრებიან ჩეხეთის და პოლონეთის წარმომადგენლები.
ცერემონიალზე დასწრების შესაძლებლობა კატეგორიულად უარყვეს ბალტიის ქვეყნებმა, რომლებსაც მოსკოვში ელჩები აღარ ჰყავთ.
პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენელს არც შეერთებული შტატები გაგზავნის.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.
რუსეთში 15-17 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით პუტინმა ხმების 87,28% მიიღო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ მაჩვენებელი იყო. რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ ჩაატარა უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.