კერძო სექტორი აცხადებს, რომ შუა სატრანსპორტო დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არსებული გამოწვევების გამო მისი სრულად გამოყენება ვერ ხერხდება.
როგორც „საქმის კურსის" ეთერში საბორნე გადამზიდავი კომპანიის, E60 Shipping Line-ის დირექტორმა განაცხადა, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასევე ტარიფების გადახედვა.
შალვა წაქაძის განცხადებით, სხვა მიმართულებებთან შედარებით შუა დერეფანში საკმაოდ მაღალი ფასებია, რაც მას შედარებით ნაკლებად კონკურენტულს ხდის.
„შუა დერეფნის აქტუალობა რუსეთ-უკრაინის მოვლენების ფონზე წამოიწია წინ, თუმცა ამ დერეფანს ყოველთვის დიდი პოტენციალი ჰქონდა. ამ დროისთვის რეალურად ამ პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილის გამოყენება ხდება. როგორ უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი უკეთ? უმთავრესია ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ნავსადგურები, რკინიგზა, მისი გამტარუნარიანობა, საავტომობილო გზა. თუკი ეს ყველაფერი მწყობრში იქნება, ტვირთიც წამოვა ამ მიმართულებით. შემდეგი საკითხია უკვე ტარიფები და გადაზიდვის ფასები. აუცილებელია, რომ ამ დერეფანში ფასები დარეგულირდეს და მაგალითად, ერთიანი გამჭოლი ტარიფი დაწესდეს“, - განაცხადა შალვა წაქაძემ.