უკრაინის რადა დღეს, 17 ივლისს, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე იულია სვირიდენკო წარადგინა. ასევე, ცნობილია მინისტრთა კაბინეტების სხვა კანდიდატურებიც.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მისი თქმით, მინისტრთა როტაცია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და და სამხედრო შეიარაღების წარმოების გაუმჯობესების მიზანს ემსახურება.
15 ივლისს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი წინადადება დააკმაყოფილა და მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციაზე პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, იულია სვირიდენკო დაასახელა. 39 წლის სვირიდენკო უკრაინის ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი მეორე ქალია. გუშინ, 16 ივლისს, უკრაინის პარლამენტმა დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამით პარლამენტმა ავტომატურად დაითხოვა მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა.
პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ “ტელეგრამის” პირად არხზე გაავრცელა სია, რომლის მიხედვითაც:
- თავდაცვის მინისტრად დენის შმიგალის დანიშვნა იგეგმება.
- პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი დაიკავებს.
- ეკონომიკის, ეკოლოგიის და აგრარული პოლიტიკის სამინისტროები ერთ უწყებად გაერთიანდება და ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს.
- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად ტარას კაჩკა დაინიშნება.
- სოციალური პოლიტიკის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტრო გახდება, რომელსაც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე დენის ულიუტინი უხელმძღვანელებს.
- ენერგეტიკის სამინისტროს გერმან გალუშჩენკოს ნაცვლად სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს. თავად გალუშჩენკო კი იუსტიციის მინისტრი გახდება.
- კულტურის მინისტრის კანდიდატურა კი ცნობილი არაა.




























