მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დღესავით ნათელი იქნება, რის საფუძველზე გამოცხადდა ამა თუ იმ ღირებულების ტენდერი” – რა იცვლება სახელმწიფო შესყიდვებში?

ტენდერები

კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ცვლილებებს აანონსებს. პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ კორუფციული გარიგებების გამორიცხვის მიზნით ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას აპირებენ, რაც პროცესს ღიას და გამჭვირვალეს გახდის.

ირაკლი კობახიძეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბევრი არაფერი უთქვამს ახალი ინიციატივის შესახებ. ერთადერთი, რაც მისი განცხადებიდან გამოჩნდა, აღიარებაა, რომ აქამდე არსებული პრაქტიკა გაუმჭვირვალე იყო და კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა. რამდენად უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის დონეზე ელექტრონული მოდულის შემოტანა ამ პროცესის ღიაობას და გამჭვირვალობას ეს ცალკე თემაა, თუმცა მთავრობა ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შემოაქვს მექანიზმი, რომელსაც ევროკავშირშიც კი არ აქვს ანალოგი.

მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებული მოკლე ვიდეო ინსტრუქციიდან ირკვევა, რომ ბაზრის კვლევის შესახებ 59 ათასზე მეტი ეკონომიკური ოპერატორი ინფორმაციას ავტომატურად მიიღებს, შეთავაზების წარდგენისას მათ ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები და წარდგენილი წინადადებებიც ერთდროულად გაიხსნება.

შესყიდვების სპეციალისტების ნაწილი მთავრობის ინიციატივას იწონებს. მათ დაანონსებული ცვლილებები ისე ესმით, რომ გამჭვირვალე გახდება, რის საფუძველზე გამოაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაცია ამა თუ იმ ღირებულების ტენდერს, რაც აქამდე გარკვეულ კითხვებს აჩენდა.

„აქამდე ფასის მიღება ხდებოდა უმეტესწილად ელექტრონული ფოსტის გამოყენებით და ამა თუ იმ შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელი აწარმოებდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომუნიკაციას სხვადასხვა კომპანიასთან. ახალი ცვლილების გათვალისწინებით ეს პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე. ანუ, თუ წინა პერიოდში იყო იმისი ალბათობა, რომ მაგალითად, შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს გამორჩენოდა სხვადასხვა კომპანია, დღეის მდგომარეობით ასეთი საფრთხე არ არის, რადგან როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციას სურს ფასების გაგება, ამის თაობაზე ხდება შესაბამისი ინფორმაციის განთავსება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის თაობაზეც ყველა კომპანიას მიუვა შეტყობინება და დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ კომპანიას აქ იმისი შესაძლებლობა, რომ წარადგინოს თავისი შეთავაზება. გამჭვირვალობის თვალსაზრისით საკმაოდ გამჭვირვალე მეთოდი არის შემოღებული და ეს საკმაოდ კარგი სიახლეა.

ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია ამა თუ იმ შესყიდვაში ჩართულობით, აქვს შესაძლებლობა, რომ წარადგინოს თავისი შეთავაზება. შეთავაზებების ღირებულებები რჩება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და შემსყიდველ ორგანიზაციას ამ შეთავაზებიდან გამომდინარე მოუწევს შემდეგში ტენდერის გამოცხადება. ან უნდა იხელმძღვანელოს ყველაზე დაბალი ფასით, ან გაშუალებული ფასით.

შესაბამისად, კონტროლის განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის დღესავით ნათელი იქნება, თუ რის საფუძველზე გამოცხადდა, მაგალითად, საგზაო სამუშაოებზე ტენდერი ამა თუ იმ ღირებულებით. ეს ყველაფერი იქნება დღესავით ნათელი, რაც წინა შემთხვევაში ასე არ იყო.

წინა შემთხვევაში შესაძლოა კომპანიის მეილი არ მიეღო ან ვერ მიეღო შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებს. ეს რისკი ნამდვილად იყო წინა პერიოდში. დღეს ეს ყველაფერი ფაქტობრივად ჩახსნილია. ჩემს შეთავაზებას, როგორც ვიცი, სხვა ვერ დაინახავს. დაინახავს მხოლოდ შემსყიდველი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შემსყიდველთან არის ასახული და ხვალ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაიგოს ტენდერი, რომელიც მაგალითად 1000 ლარად არის გამოცხადებული, რის საფუძველზე არის გამოცხადებული ამ ფასად, რაც ძალიან კარგია. შესაბამისად, დღესავით ნათელი იქნება ტენდერის სავარაუდო ღირებულება რა გზით იქნა არჩეული და რის საფუძველზე იქნა განსაზღვრული”,-აცხადებს BM.GE-სთან ინტერვიუში იურისტი, შესყიდვების სპეციალისტი ნიკოლოზ გიგოლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები