მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაგონალური კუმულაცია ხელს შეუწყობს, ქართული წარმოების ზრდას და EU-ში ექსპორტს - ცარიშვილი

631b414246ffe
მარიამ ვარადაშვილი
09.09.22 23:00
676
დღეს თბილისში ფორუმი გაიმართა, სახელწოდებით - “დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“. ფორუმის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის ცვლილებებს მოაწერეს.

ცვლილებების თანახმად, საქართველო ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის პროდუქციებზე მიიღებს, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა.

“სამშენებლო მასალების კლასტერის” ხელმძღვანელი მარიამ ცარიშვილი იმედოვნებს, რომ დიაგონალური კუმულაცია სამშენებლო მასალების წარმოებასა და ექსპორტის ზრდას ხელს შეუწყობს.

“გვინდა სამშენებლო მასალების ნაწილში ექსპორტის წილი დიდი იყოს, თუმცა ნედლეული, რითაც იწარმოება ეს მასალები უმეტესად იმპორტირებულია. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ექსპორტს ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, ეს დიდი პერსპექტივაა. ამას გარდა, ხელს შეუწყობს თურქულ-ქართული ერთობლივი საწარმოების შექმნას. ამ ეტაპზე ჩვენს კლასტერში 17 კომპანიაა გაწევრიანებული, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. თურქეთიდან ნედლეულის შესყიდვა უკვე მიმდინარეობს, ამიტომ, ამ მიმართულებით დიდ პერსპექტივას ვხედავთ. ჯერ საწყის ეტაპზე ვართ თუმცა პროდუქციის მრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ”,- აცხადებს მარიამ ცარიშვილი.

ცნობისთვის: გასული წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეო) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები