მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაგონალური კუმულაციით $2.6 მილიონის პროდუქცია ექსპორტზე გავიდა - ეკონომიკის სამინისტრო

631ee2557258e
მარიამ ვარადაშვილი
12.09.22 22:00
657
ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, მარიამ გაბუნიას თქმით, დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან ექსპორტზე 2.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.

როგორც მან “საქმიან დილაში” განაცხადა, ტექსტილის გარდა ამ შეთანხმებით სარგებლობის პოტენციალი სხვა სექტორებსაც გააჩნიათ.

“2021 წლის აპრილში დიაგონალური კუმულაცია თურქეთს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამოქმედდა. ამ შეთანხმების პირველი ბენეფიციარი ტექსტილის სექტორი იყო. დაახლოებით 2.6 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციაა უკვე დიაგონალური კუმულაციით ევროკავშირში გასული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტექსტილის გარდა სხვა ინდუსტრიებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით. გამომდინარე იქიდან, რომ ტექსტილის გარდა სხვა ინდუსტრია გამოკვეთილი არ იყო, რომელსაც ამ შესაძლებლობით შეეძლო სარგებელი მიეღო, USAID-ს ვთხოვეთ კვლევაში დაგვხმარებოდა. კვლევას უნდა გამოევლინა ტექსტილის გარდა დამატებითი სექტორები, რომელთაც შეეძლოთ დიაგონალური კუმულაციით დამატებითი სარგებელი მიეღოთ.

ჩვენც ვთვლით, რომ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე დღეს ვიყენებთ. დღეს ფაქტობრივად დიაგონალური კუმულაციით მხოლოდ ტექსტილის სექტორი სარგებლობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეს კვლევა ფართო მასებისთვის, ძირითადად კერძო სექტორისთვის გაგვეცნო. ამ კვლევას ასევე ფართო საინფორმაციო კამპანია მოჰყვება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ შესაძლებლობით”,- ამბობს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელია თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეტანილ იქნას ევროკავშირის ბაზარზე.

შეთანხმება არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ ფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები