"ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, "რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდების გასაღები იქნება, დასავლურ საქმიან სამყაროში". ბიზნესმენი საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საქართველო, ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზე იმყოფება. საქართველო, ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზეა. ყოველდღიურად იზრდება ევროპული ქვეყნებისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რაც განპირობებულია, სწორი და პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკით და პირდაპირ მიანიშნებს ბიზნესის თავისუფლებაზე, რაც საბოლოო ჯამში დასავლური ინვესტიციების დაინტერესებას იწვევს და ამაზე მოწმობს, არაერთი საერთაშორისო კვლევა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველო აღწევს წარმატებებს ბევრი მიმართულებით და ეს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვისაა ხელსაყრელი, რათა შექმნას ეკონომიკური დოვლათი.
ქვეყნის განვითარების გზაზე, ასევე ხაზგასასმელია გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდების გასაღები იქნება, დასავლურ საქმიან სამყაროში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროპული მომავალი, მათ აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს მისცემს. საქართველოს გზა ევროპაშია“, - წერს Facebook პირად გვერდზე ირაკლი კვერღელიძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.
26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.