ივნისში გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 9.1% შეადგინა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის, მაისის ინფლაციურ მაჩვენებელს.
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, უმეტესწილად, ენერგორესურსების, სურსათისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდითაა გამოწვეული.
მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს - მაისის თვეში მარეგულირებელმა უკვე მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 1.25%-იან ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი წლის განმავლობაში არაერთ ინტერვენციას განახორციელებს და მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად გაამკაცრებს. ექსპერტების შეფასებით, აგვისტოში დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაიზრდება.
ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 11%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი უკვე გადაერთო გამკაცრების აქტიურ პოლიტიკაზე და ივნისში განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღო. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უახლოეს მომავალში ECB-იც, FED-ის მსგავსად, გამკაცრების პოლიტიკაზე გადაერთვება.