მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიდი ბიზნესებისთვის თამაშის წესების ცვლა დამანგრეველი იქნება" - ვასილ რევიშვილი

ვასილ რევიშვილი

"დიდი ბიზნესებისთვის თამაშის წესების ცვლა შესაძლებელი კი არა, დამანგრეველი იქნება", - ამის შესახებ ფინანსისტმა, ვასილ რევიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ დასავლური ბაზრის ჩინეთითა და შუა აზიის ბაზრებით ჩანაცვლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ბაზრებს სახელმწიფო იმიტომ ახსენებს, რომ იცის საქართველოს მოსახლეობის 85% რუსეთთან ინტერვენციის წინააღმდეგია. ის დასძენს, რომ სხვა ბაზრებზე გადაწყობა პატარა ბიზნესისთვის უფრო მარტივი იქნება, ვინაიდან მათთვის გამოწვევა მხოლოდ ზოგადად ფინანსური გამოწვევები შეიძლება იყოს.

„სახელმწიფო ჩინეთს და შუა აზიას ახსენებს, იმიტომ, რომ ხვდება რუსეთის ხსენება არ შეიძლება. კიდევ კარგი, რომ ამას მაინც ხვდებიან, რომ ქვეყნის რუსეთთან ინტერვენციის 85% წინააღმდეგი ვართ.

გადაწყობისას, პატარა ბიზნესები უფრო მოქნილები არიან. ადაპტირება მათ უფრო შეუძლიათ. პატარა ბიზნესმა შეიძლება ზოგადი ფინანსური პრობლემით იზარალოს. მაგრამ დასავლური კაპიტალის მქონე დიდი ბიზნესებისთვის გადაწყობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რადგან იმ კაპიტალს თავისი წესები მოჰყვება და პატარა გადაცდომაც კი, აპარატს ჩამოშლის. სანქცირებული პირის მომსახურება ბანკის ტოპ მენეჯმენტისთვის შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმე. არა საქართველოში, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ასეა. ამის მიუხედავად, ნებისმიერ ქვეყანაში ეს გამოიწვევს იმ ბანკის დასავლური კაპიტალისგან სრულ იზოლაციას“, - ამბობს ფინანსისტი.

მისივე ცნობით, ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, როდესაც რუსეთმა ქვეყანაზე გავლენა მოიპოვა და ის ქვეყანა განვითარდა. რაც შეეხება ჩინეთს, ის მხოლოდ ქვეყნების რესურსითაა დაინტერესებული და არა დახმარებით.

„ეკატერინეს პერიოდის რუსეთიდან მოყოლებული, არ არსებობს არცერთი ისტორიული ფაქტი, რომ რუსეთმა ქვეყანაზე გავლენა მოიპოვა და ის ქვეყანა განვითარდა. რუსეთი ამას არ აკეთებს. რუსეთი ქვეყანას არ იყენებს ეკონომიკური კოოპერაციისთვის, არამედ სამხედრო კოოპერაციისთის. ანუ მხოლოდ მათ ჯარს იყენებს.

რაც შეეხება ჩინეთს, ის არ თანამშრომლობს, ქვეყნის რესურსს იყენებს. რაც მოხდა აფრიკაში, სადაც ვითომ სოფლის მეურნეობაში მისახმარებლად მიდიოდნენ და მიწებს ყიდულობდნენ. ჩვენთანაც, ყველაფერი რაც გააკეთეს, თავიანთი თავისთვის არის. ვინაიდან სოციალისტური ქვეყანაა, მათ უფლება არ აქვთ, რომ კერძო ინტერესი ჰქონდეთ. შესაბამისად, აფინანსებს სახელმწიფო, საიდანაც პირობითად თუ აძლევენ 5 ლარს, იხარჯება ერთი ლარი და დანარჩენის გადანაწილება ხდება. ესაა მათი მოდელი. რომ დარჩეთ რაღაც აქტივი. ამიტომ, ჩინეთი პარტნიორი არ არის. ხოლო შუა აზიას რაც შეეხება, ჯერჯერობით აზიას თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს და ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?",- განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით, დასავლური ბაზრების აზიურით ჩანაცვლების 5%-იც არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები