დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისთვის დამატებითი სამუშაოები ჩატარდება. კლიმატის აქტივისტები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და ფიქრობენ, რომ ქვეყნის მწვანე მიზნებისთვის დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, მისი მიზანი ადგილობრივად მოპოვებული ენერგიის დახმარებით 2050 წლამდე წმინდა ნულოვან ეკონომიკაზე გადასვლაა.
“მაშინაც კი, როდესაც ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულს მივაღწევთ 2050 წელს, ჩვენი ენერგიის მეოთხედი ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან იქნება გენერირებული. თუმცა ზოგიერთებს ურჩევნიათ, ეს რესურსები მტრული ქვეყნებისგან მივიღოთ და არა იმ წყაროებიდან, რაც თავად გვაქვს ქვეყანაში” - განაცხადა პრემიერმა.
სუნაკმა ამავე გამოსვლის დროს ნახშირბადის საწყობის აშენების შესახებაც განაცხადა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში მოეწყობა და 2030 წლისთვის დასრულდება. ნახშირბადის შესანახი დაწესებულებები ნახშირბადის ემისიების ატმოსფეროში მოხვედრას აფერხებს და სანაცვლოდ მას ისეთ პროდუქტებში ინახავს, როგორიცაა, მაგალითად, ცემენტი.
ბრიტანეთის გადაწყვეტილება იმის ფონზე გახდა ცნობილი, რომ კლიმატური კრიზისი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში დამატებითი ინვესტიციების ჩადება გაუმართლებელია.
სუნაკის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პრემიერი შემოდგომიდან ასობით ლიცენზიას გასცემს, რათა კომპანიებმა ჩრდილოეთის ზღვაში რესურსების მოპოვება ოფიციალურად დაიწყონ.