მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ენერგოსექტორის აღდგენისთვის $27 მილიონს გამოუყოფს

უკ

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს დაფინანსებას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გადაუდებელი შეკეთებისთვის, ასევე ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებასა და სამართლიანობის აღდგენის ხელშეწყობას.

პაკეტი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის (27 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ახალ დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელიც უკრაინის ელექტროქსელის დაცვას, აღდგენასა და გენერაციის სიმძლავრეების გაზრდას მოხმარდება.

დაფინანსების მიზანია ზამთარში რუსეთის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება და მომავალი ზამთრის სეზონისთვის უკრაინის ენერგოსისტემის გაძლიერება.

უახლესი ტრანშის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის ენერგოსექტორისთვის გაერთიანებული სამეფოს მიერ გაწეული ჯამური დახმარება 490 მილიონ ფუნტს (662 მლნ დოლარს) აღემატება.

"ამ მძიმე წლისთავზე, ჩვენი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მარტივია: ბრიტანეთი თქვენ გვერდითაა, ისე ძლიერად, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ ვაცხადებთ დღეს ახალ დახმარებას და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

დამატებით 5.7 მილიონი ფუნტი (7.7 მლნ დოლარი) ფრონტისპირა თემების ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება, მათ შორის ევაკუაციის საჭიროების მქონე და საჰაერო დარტყმების შედეგად დაზარალებულ პირებს.

გაერო და მისი პარტნიორები ამჟამად უკრაინის მასშტაბით 4.1 მილიონ ადამიანს ეხმარებიან, აქცენტი კი ყველაზე მძიმე პირობებში მყოფებზე კეთდება. ამასთან, 2025 წელს გაერთიანებული სამეფო „უკრაინის ჰუმანიტარული ფონდის“ ყველაზე დიდი დონორი იყო.

მხარდაჭერის პაკეტი ასევე ითვალისწინებს სამედიცინო მენტორინგის გაგრძელებას. ბრიტანელი სამხედრო ქირურგების, ექთნებისა და ფიზიოთერაპევტების ჯგუფები უკრაინელ კლინიცისტებთან ერთად მუშაობენ და მათ რთული საველე ოპერაციების ჩატარებაში ეხმარებიან. ტრამვულ და საბრძოლო დაზიანებებზე მუშაობის ბრიტანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროგრამის მიზანია უკრაინელი სამხედროების სამსახურში დაბრუნების ან სამოქალაქო ცხოვრებასთან ადაპტაციის ხელშეწყობა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტები განათავსონ (თითოეულმა ქვეყანამ შესაძლოა 5 000-მდე ჯარისკაცი გამოყოს). მართალია, ძალების გამოგზავნის განზრახვა დადასტურებულია, თუმცა ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები