მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ხანია, სებ-ის მოქმედებაში ეკონომიკურ ლოგიკას ვეღარ ვხედავ - აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ დიდი ხანია, სებ-ის ქმედებებში ეკონომიკური ლოგიკა აღარ ჩანს. ამის შესახებ მან BMGTV-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა. ეს წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის თვეში რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც 173.4 მილიონი დოლარია. ეროვნული ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციას უკავშირდება.

„ოფიციალური მონაცემებით, სამი ინტერვენცია, თუმცა ჩვენ არ ვიცით არაოფიციალური ინფორმაცია. არსებობს კიდევ BMatch-ის პლატფორმა, სადაც შესაძლებელია, განხორციელდეს ინტერვენცია და რომლის მონაცემები გვეცოდინება მოგვიანებით. ამდენად, შესაძლოა, რომ სებ-მა ბევრად მეტი ინტერვენცია განახორციელა, ვიდრე ამ წუთში ოფიციალურად არის გამოქვეყნებული. რაც შეეხება მიზეზს, ჩემი აზრით, მარტივია - სებ-ი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუციას და აქვს პირდაპირი მითითება, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს სავალუტო კურსი, ამისათვის კი გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რომ არჩევნებამდე მცირედი მერყეობაც კი არ იქნეს დაშვებული სავალუტო ბაზარზე. ჩემი აზრით, ამით არის გამოწვეული ეროვნული ბანკის ქმედებები, რომელიც საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

მისი თქმით, გარედან ინტერვენციის საჭიროება არ ჩანდა, თუმცა გამორიცხული არ არის, სებ-ს ჰქონოდა ინფორმაცია, რომ მსხვილი მოთამაშეები აპირებდნენ დიდი რაოდენობით ვალუტის შეძენას.

„ჩემი აზრით, ინტერვენციების ასეთი საჭიროება არ ჩანდა, თუ სებ-ს ჰქონდა შიგნით რაიმე ინსაიდერული ინფორმაცია, რომ მსხვილი მოთამაშეები აპირებენ დიდი რაოდენობით ვალუტის ყიდვას და ამის გამო თავი დაიზღვია - ეს არ ვიცი, შეთქმულების თეორიებში ვერ შევალ, თუმცა რაც გარედან ჩანს, ამის საჭიროება არ იყო და არც ამ რაოდენობის სავალუტო ხარჯების საჭიროება არ არის. არჩევნების წინ ყოველთვის არსებობს რისკის ფაქტორი, გაურკვევლობის ფაქტორიც ძალზე მაღალია, რაც ცხადია, ბევრ მსხვილ მოთამაშეს აწუხებს. არ არის გამორიცხული, რომ ისინი მყარ ვალუტაში ქმნიან დეპოზიტებს ან დანაზოგებს, თუმცა სებ-ის მხრიდან გადახდილი ფასი ძალიან მაღალია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს არის კონკრეტული დავალება, რომ სავალუტო კურსი იქნეს შენარჩუნებული ნებისმიერ ფასად. ეკონომიკურ ლოგიკას სებ-ის მოქმედებებში დიდი ხანია ვეღარ ვხედავ“, - თქვა ცომაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები