ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით, 9 თვის ბიუჯეტის გახარჯვის აუთვისებლობა, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული.
საქმე ის არის, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს მერძევეობის დარგის მოდერნიზების პროგრამაზე ბიუჯეტიდან გეგმის მხოლოდ ნახევარი გაიხარჯა, ანუ ბიუჯეტი ათვისებული არ არის. დოკუმენტის მიხედვით, 9 თვეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული მერძევეობის პროგრამისთვის 18 208 000 ლარი იყო გათვალისწინებული, სოფლის განვითარების სააგენტოს ამ პროგრამით კი იანვარ-სექტემბერში მხოლოდ 9 281 691 ლარია ათვისებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიას თქმით, თანხების ათვისება დონორების მხრიდან პროგრამის გადახედვის გამო შეჩერდა.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე BM.GE-სთან აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ დონორების მიერ პროგრამის დაფინანსების შეჩერებასთან ერთად, აუთვისებლობის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მერძევეობის დარგში გამოვლენილი თაღლითობა იყოს, რომლის შედეგადაც ორგანიზებული ჯგუფი პროგრამის 219 ბენეფიციარის 4 111 054 ლარს უკანონოდ დაეუფლა.
რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მერძევეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე დარგობრივი გაერთიანება დიდი ხანია საუბრობს, რადგან მოდერნიზების პროგრამით სარგებლობის სურვილი ბევრ ფერმერს ჰქონდა, თუმცა შესაძლებლობა არ მიეცათ.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველებს შორის იყო დასწრებითობა და ვინც პირველი შეავსებდა განაცხადს, ის ხვდებოდა პროგრამაში. როგორც გამოჩნდა და როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გავიგეთ, სწორედ აქ იყო ძაღლის თავი დამარხული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ კარგად უნდა შემოწმდეს თითოეული განმცხადებელი, რათა ეს სიკეთე იმ ფერმერებამდე მივიდეს, რომლებსაც ამის საჭიროება და განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვთ.
პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ველოდებით გამოძიების პასუხებს. ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზი შეიძლება ესეც იყოს.
ამ პროგრამით სარგებლობის მსურველთა რიცხვი ყველა რეგიონში დიდია, თუმცა ყველა ვერ სარგებლობდა. პროგრამის მონაცემებით ბენეფიციარების რაოდენობა თანაბრად რეგიონებზე გადანაწილებული არ არის. ბოლოს სამეგრელოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ძალიან ბევრი ბენეფიციარი იყო, მაშინ როდესაც კახეთში ძალიან მცირე იყო“, - აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ასოციაციას მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის გაუმჯობესებაზე სახელმწიფოსთან საუბარი არ ჰქონია. თუმცა მხარდაჭერის საჭიროებები სხვადასხვა ტიპის ფერმებიდან გამომდინარე ძალიან ბევრია.




























