მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიდი შანსია, რომ ბევრი კომპანია საერთოდ შეწყვეტს საქმიანობას, იგივე ეხება დილერებსაც" - "ქარმარკი" ავტოიმპორტის ტარიფებზე

ავტოიმპორტი

ავტომობილების იმპორტიორი კომპანიის „ქარმარკის“ დირექტორი ირაკლი კუხიანიძე მიიჩნევს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტზე აქციზის მკვეთრი ზრდა ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და შესაძლოა ბევრი კომპანია საქმიანობასაც კი შეეშვას. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ცვლილება ავტომობილების ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც საბოლოოდ გაყიდვებზე აისახება.

„არ არის კარგი გადაწყვეტილება, რადგან მანქანები გაძვირდება. მაგალითად, 2.0 ძრავიან ავტომობილზე, რომლის განბაჟებაც დაახლოებით 2000 დოლარი ჯდებოდა, ახალი ტარიფებით დაახლოებით 9000 ლარი გამოვა. თუმცა, იმასთან შედარებით, რაც ადრე განიხილებოდა – ანუ, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის სრული აკრძალვა, ეს მაინც შედარებით უკეთესი გადაწყვეტილებაა. ვისაც სურს ძველი მოდელის ჩამოყვანა, ამის შესაძლებლობა ექნება, თუმცა განბაჟება მნიშვნელოვნად გაუძვირდება.

ბიზნესი დიდ ბრუნვაზეა დამოკიდებული. თანხები შეიძლება დიდი ჩანდეს, რადგან ძვირიანი პროდუქტი იყიდება, მაგრამ რეალურად მოგების მარჟა ძალიან მცირეა. თუ ბრუნვა შემცირდა, კომპანიებს თავის შენახვა გაუჭირდებათ. ამიტომ ძალიან დიდი შანსია, რომ ბევრი კომპანია საერთოდ შეწყვეტს საქმიანობას, იგივე ეხება დილერებსაც – ადამიანებს, რომლებიც ავტომობილების ჩამოყვანით და გაყიდვით არიან დაკავებული“, – ამბობს ის.

კუხიანიძის თქმით, აქამდე საქართველოს რეგიონში შედარებით დაბალი ტარიფები ჰქონდა, მაშინ როდესაც მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში, მსგავსი გადასახადები უფრო მაღალი იყო. მისივე ინფორმაციით, სტატისტიკურად ბაზარზე გაყიდვების დაახლოებით 65% სწორედ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე მოდიოდა, რის გამოც ცვლილება ბაზარს მნიშვნელოვნად დაარტყამს.

„აქამდე, მაგალითად, 10 000 დოლარის ბიუჯეტით ადამიანები შედარებით მაღალი კლასის ავტომობილებს – Mercedes-ს, BMW-ს ან სხვა მსგავს მოდელებს ყიდულობდნენ. ახლა, იგივე ბიუჯეტით უფრო იაფ ბრენდებზე მოუწევთ გადასვლა, მაგალითად Ford-ზე, Buick-ზე ან სხვა შედარებით ხელმისაწვდომ ავტომობილებზე, რადგან განბაჟება მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განმარტავს ის.

მისივე შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში ბაზარზე გაყიდვების შემცირება გარდაუვალია : „ყველაზე კარგ შემთხვევაში, კომპანიებში დაახლოებით 30%-იანი ვარდნა მაინც იქნება გაყიდვებში, სანამ ბაზარი ახალ პირობებს შეეგუება“, – ამბობს კუხიანიძე.

ბაზარზე გაურკვევლობამ უკვე გამოიწვია მოთხოვნის შემცირება. ავტოიმპორტიორის ინფორმაციით, იმ პერიოდში, როდესაც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის შესაძლო აკრძალვა განიხილებოდა, ბევრმა მომხმარებელმა ავტომობილის შეძენისგან თავი დროებით შეიკავა.

„ძალიან ბევრმა კლიენტმა, დაახლოებით 40-50%-მა – უარი თქვა ავტომობილის შეძენაზე, რადგან არსებობდა რისკი, რომ ავტომობილი ვერ მოასწრებდა ქვეყანაში შემოსვლას და რეგისტრაციას. კომპანიებიც ვერ იღებდნენ ამ რისკს საკუთარ თავზე. ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბაზარზე სერიოზული ვარდნა გარდაუვალი იქნება“, – აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები