მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღადგინა

ლამი

დიდმა ბრიტანეთმა, დაახლოებით 14-წლიანი პაუზის შემდეგ, სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. როგორც სააგენტო Reuters წერს, ბრიტანეთის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩავიდა. ეს ვიზიტი პირველი შემთხვევაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც დასავლეთის ქვეყნები სირიის მთავრობას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის გამო უყინავდნენ კავშირებს.

ლამის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა სირიას £94.5 მილიონი (დაახლოებით $129 მილიონი) ღირებულების ფინანსური დახმარება გამოუყო, რომელიც ქვეყნის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებასა და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„სირიელი ხალხისთვის ახალი იმედი არსებობს. ჩვენს ინტერესებშია, მხარი დავუჭიროთ ახალ მთავრობას ყველა სირიელისთვის სტაბილური, უფრო უსაფრთხო მომავლის მშენებლობისთვის,“ — განაცხადა ლამიმ ვიზიტის ფარგლებში.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი გულისხმობს სასწრაფო ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და ასევე ქვეყნის აღდგენას ისეთი სფეროების მეშვეობით, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა.

დევიდ ლამიმ შეხვედრა გამართა როგორც სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ჰასან ალ-შიბანისთან, ისე სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარასთან. შეხვედრებზე მან ხაზი გაუსვა ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პოლიტიკური გარდამავალი პროცესის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს სირიელი ხალხის მხარდაჭერას.

დამატებით, ლამი რეგიონში ვიზიტს გააგრძელებს ქუვეითში, სადაც ყურადღება გამახვილდება რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე. სავარაუდოდ, ბრიტანეთი ქუვეითთან ახალ ჰუმანიტარულ პარტნიორობას დააანონსებს, რომლის მიზანიც სირიაში არსებული კრიზისის შემსუბუქებაა.

საგულისხმოა, რომ ლამის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სირიაზე მოქმედი სანქციების პროგრამის შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში სირიის დაბრუნებასა და ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობას ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები