მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიკლოს რეაბილიტაციის ტენდერში ხარჯთაღრიცხვის პოზიციები და ჯამური ღირებულება დაუსაბუთებელია - აუდიტი

დიკლო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 - 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი, შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527.0 ათასი ლარი, მათ შორის: ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 277.8 ათასი ლარი, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე - 228.4 ათასი ლარი და გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე - 20.8 ათასი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სააგენტო არ აწარმოებს ბაზრის სათანადო კვლევას, რამაც განაპირობა შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებების არასწორად განსაზღვრა.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახური გამოყოფს კონკრეტული ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს, სადაც დაუსაბუთებელია ტენდერის ღირებულება, შესრულებული სამუშაოების მიზნობრიობა და ხარჯთაღრიცხვის პოზიციები. ასეთ ძეგლებს შორის არის, თუშეთში ციხე სოფელი დიკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გარემოება კი, შემდეგია: ციხე-სოფლის - ძველი დიკლოს რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2021 წლის 17 თებერვალს სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 600.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: შპს „ტაძარი+“ - 555.3 ათასი ლარი, შპს„არქიტექსი“ - 600.0 ათასი ლარი.

აუდიტის სამსახური წერს, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არქიტექსი“, რომელთანაც 2021 წლის31 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 600.0 ათასი ლარი.

სააგენტოს მიერ აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილ იქნა ე. წ. საპროექტო ხარჯთაღრიცხვა, სადაც როგორც სამუშაოთა ჩამონათვალი, ასევე მოცულობები, რიგ პოზიციებში არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამუშაოთა ჩამონათვალს და მოცულობებს. ამასთანავე, აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის ჯამური ღირებულება შეადგენს 570.0 ათას ლარს და არ შეესაბამება ტენდერის სავარაუდო ღირებულებას. ასევე: ხარჯთაღრიცხვა არ არის რესურსული მეთოდით მომზადებული და მისი პოზიციების ღირებულებები დაუსაბუთებელია. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა, არ წარმოადგენს საბოლოო საპროექტო ხარჯთაღრიცხვას და მხოლოდ სამუშაო დოკუმენტის სახე აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცნობია რას დაეფუძნა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გაანგარიშება.

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოთა ჩამონათვალის ორი პოზიცია მოიცავს „ძველ დიკლომდე სამანქანო გზის მოწყობის სამუშაოებს“, რომლის სწორად განფასება (სხვა ცალკეული სამუშაოსგან განსხვავებით) შეუძლებელია რესურსული გაანგარიშების გარეშე. პრეტენდენტების მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებების ხარჯთაღრიცხვებში, აღნიშნული პოზიციების ფასები არსებითად განსხვავდება.

აუდიტის დასკვნით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ რესურსული მეთოდით გაანგარიშების გარეშე განსაზღვრული, დაუსაბუთებელი სავარაუდო ღირებულებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ხარჯთაღრიცხვის პოზიციები და ჯამური ღირებულება ასევე დაუსაბუთებელია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები