მას შემდეგ, რაც “დინამო თბილისი” შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა, დედაქალაქურ კლუბში კონტინგენტის ცვლილებები გრძელდება.
“დინამოს” 22 წლის აღზრდილი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინულ “კრაიოვაში” გააგრძელებს.
რუმინული მედია მექვაბიშვილით დაინტერესების შესახებ დიდი ხანია წერს, თუმცა როგორც ჩანს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.
მექვაბიშვილის კონტრაქტი 4,5 წელზე იქნება გათვლილი, ტრანსფერის სანაცვლოდ კი “დინამო თბილისი” 750 ათას ევროს მიიღებს. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი იმის შესახებ, რომ მექვაბიშვილის სამომავლო ტრანსფერიდან თბილისური კლუბი 20%-ს მიიღებს.
რაც შეეხება, მეორე ტრანსფერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ლაშა ოდიშარია კარიერას ლატვიურ “რიგასში” გააგრძელებს. მხარეებმა 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, საიდანაც თბილისური კლუბი 400 ათას ევროს მიიღებს, ხოლო შემდგომი ტრანსფერიდან ბონუსებს.
შეგახსენებთ, რომ “დინამო თბილისმა” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყვიტა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მათ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. ასევე კონტრაქტის ამოწურვის გამო “დინამო” დატოვეს ლუკა ლაკვეხელიანმა და ვატო არველაძემ. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა.