მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო უქმდება - როგორ შევლენ ქართველი მაღალჩინოსნები EU-ში?

საქართველო ევროკავშირი

27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული პასპორტებზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაცემული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ ვერ შევლენ მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ მოქალაქეების მსგავსად, შენგენის ზონაში ჩვეულებრივი, ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევიდნენ.

ვის ეხება აკრძალვა?

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ ვიზების შეზღუდვა ეხებათ:

  • საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ;
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;
  • დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს;

იქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ [ბიომეტრიულ] პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტი საქართველოში გაიცემა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მისი მოადგილეებზე; მინისტრებზე; პარლამენტარებზე; გენერალურ პროკურორზე და სხვებზე.

"ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე, რამაც საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის გაკეთების საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს.

ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, საქართველოს დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორიცაა: შემცირებული ვადა განაცხადის შესატანად, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები დამატებითი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა", - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ოფიციალურ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ - და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა თავიანთ შიდა წესებში უნდა დანერგონ. უვიზო რეჟიმის გაუქმების მთავარ მიზეზად ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რეპრესიებს ასახელებს.

დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში...

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.

ეს ასევე არის რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს. დღეს ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიც გამოეხმაურა და თქვა, რომ შოკირებულები არიან იმ ფაქტით, რომ ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. ელჩმა ასევე თქვა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და ვითარება უარესდება.

ევროკავშირის ელჩის თქმითვე, წევრმა ქვეყნებმა ასევე განიხილეს პერსონალური სანქციები მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის, თუმცა ამ საკითხზე ბლოკის შიგნით შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. იმისთვის, რომ ევროკავშირმა რომელიმე ქვეყნის მიმართ სანქციები გამოიყენოს მას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, თუმცა როგორც ცნობილია სანქციებს უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები