ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავმჯდომარე, იურისტი ნინო ლიპარტია საქართველოს შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების შეზღუდვაში დისკრიმინაციის ნიშნებს, „ჩრდილოვანი დასაქმების“ და ასევე, ბიუროკრატიული ბარიერების გაზრდის რისკებს ხედავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სპეციალური სამუშაო უფლება უნდა მოიპოვონ.
საქმე ის არის, რომ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით, "ქართული ოცნება" „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს. კერძოდ, თუ დღეს, ქართველი დამსაქმებელი, რომელსაც უცხოელის დასაქმება სურს, ვალდებულია, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უცხოელი დაარეგისტრიროს, წარმოდგენილი ცვლილებებით, უცხოელებს მოუწევთ საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლება აიღონ, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ ან ადგილობრივმა დამსაქმებელმა, ან კიდევ თავად უცხოელმა თუ თვითდასაქმებულია. საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.
იურისტს მიაჩნია, რომ მსგავსი რეგულაცია ვერც ადგილობრივი შრომის ბაზარს განავითარებს და ბაზარს ვერც უცხოელი იაფი მუშა ხელისგან დაიცავს.
„აღნიშნული კანონპროექტით, სახელმწიფო ეუბნება დამსაქმებელს, რომ უცხოელს მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში დაასაქმებს, რადგან ვალდებული ვარ, დავიცვა ადგილობრივი შრომის ბაზარიო. იმ პირობებში, როდესაც ბიზნესი მუდმივად წუხს არა მხოლოდ სპეციალისტების ანუ კვალიფიციური კადრების, არამედ ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, [კანონპროექტის ავტორი დეპუტატების] არგუმენტები ცოტათი გამიკვირდა. არ მესმის, თუ ბიზნესმა იშოვა თუნდაც შედარებით იაფი მუშა ხელი, უცხოელი სტუდენტების სახით, რატომ უნდა შეიზღუდოს თავი?! კანონმდებელი ამ რეგულაციით ბიზნესს დამატებით ბარიერს უწესებს“ - თქვა ნინო ლიპარტიამ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ „ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ ახალ რეგულაციას თან არ ახლავს ე.წ. RIA ანუ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი.
ნინო ლიპარტია ვარაუდობს, რომ ბიზნესის შეზღუდვა, თავისუფლად დაასაქმოს უცხოელი, ჩრდილოვანი დასაქმების რისკებს გაზრდის.
„კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული, მაშინ როდესაც საქსტატის მონაცემებით, 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც 6 თვე და მეტი დარჩა. არ მგონია, რომ დასაქმების უფლების მოპოვების ვალდებულებამ და ჯარიმებმა აღრიცხვიანობის პრობლემა მოაგვაროს. არაა გამორიცხული, რომ გაიზარდოს ე.წ. ჩრდილოვანი დასაქმების რისკები, რადგან თუ დღესაც არ არეგისტრირებს დამსაქმებელი უცხოელს ელექტრონულ პორტალზე, ის არც მომავალში დაარეგისტრირებს. ამდენად, ახალი რეგულაცია ვერც შრომითი იმიგრანტების აღრიცხვიანობას მოაწესრიგებს და მეეჭვება, შრომის ადგილობრივი ბაზარიც დაიცვას“, - ამბობს ნინო ლიპარტია.
გარდა ამისა, იურისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის ანალიზისას ყურადღება მიაქცია კიდევ ერთ საკითხს, რომელიც გულისხმობს საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრულ მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს.
„ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ამ კანონპროექტში დავინახე, სწორედ ეს 30-დღიანი ვადაა - თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება, ამ დროში ჯანდაცვის სამინისტრომ მოიკვლიოს და შეაფასოს შრომითი იმიგრანტის კვალიფიკაცია და ასევე, სჭირდება თუ არა შრომის ბაზარს ამ ეტაპზე უცხოელი კადრი. მეორე მხრივ, შეიძლება ეს შეიცავდეს დისკრიმინაციის ნიშნებს, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს უჩნდება დისკრეცია, უცხოელთან შედარებით ადგილობრივ კადრს მიანიჭოს უპირატესობა“, - განმარტა ნინო ლიპარტიამ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც იურისტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას გაამახვილა ყურადღება, შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციას, რომლის თანახმად, იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონულ რეესტრში არიან რეგისტრირებული, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, უნდა მოიპოვონ სპეციალური სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ 42 000-მა შრომითმა იმიგრანტმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უფლების მოპოვებისთვის და თუ უარს მიიღებს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, რაც დამატებითი ტვირთია ისედაც გადატვირთული სასამართლოსთვის და და მეორე მხრივ, კანონპროექტიდან და მისი განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს გამჭვირვალე და მკაფიო კრიტერიუმები, რა შემთხვევაში ეტყვის ჯანდაცვის სამინისტრო ადგილობრივ დამსაქმებელს უარს უცხო ქვეყნის მოქალაქეს დასაქმებაზე. ის, რაც საკანონმდებლო ინიციატივაშია მოცემული, ძალიან ზოგადია“, - განაცხადა იურისტმა ნინო ლიპარტიამ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით, განსაზღვრული შრომითი იმიგრანტითვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები ასეთია:
ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა;
ბ) განცხადება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე ამ კანონის 135 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი;
გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში;
ე1.ა) იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის
მოზიდვის შეზღუდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე
ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან
გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;
ე1.ბ) ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის
მოზიდვის წახალისება, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე
ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე ვერ
აკმაყოფილებს ან ვერ დააკმაყოფილებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;
დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ.“.
“პირველ რიგში, მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა. იმ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დასაქმება შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში შეიზღუდება, რათა არ მოხდეს ადგილობრივი დასაქმებულების შესაძლებლობების შეზღუდვა.
მეორე მხრივ, იმ სექტორებში, სადაც გამოიკვეთება კადრების დეფიციტი, სახელმწიფოს მიდგომა იქნება შრომითი იმიგრანტების შერჩევითი და დროებითი დასაქმება - განსაზღვრული პერიოდისთვის და ზედამხედველობის პირობებში. უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.