მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიზელი "ევრო 5" სტანდარტზე გადადის - რას შეცვლის ბაზარზე ახალი რეგულაცია?

63a9a8dcbb692
ელენე გოგბერაშვილი
27.12.22 00:00
1373
მომავალი წლიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები მკაცრდება და ის ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს გაუთანაბრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს ბაზარზე სხვადასხვა სტანდარტის დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება და ფასიც ხარიხის გათვალისწინებით განსხვავებულია, უკვე მომავალი წლიდან ყველა ნავთობიმპორტიორი ვალდებული იქნება ქსელში ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი საწვავი გაყიდოს.

„ვგეგმავთ,  ევრო 5 სტანდარტი დიზელზე 2023 წლიდან დაწესდეს. რა თქმა უნდა სტანდარტის დაწესებასთან ერთად სახელმწიფო საწვავის ხარისხის მუდმივ კონტროლს ახორციელებს. შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს, თუმცა დიზელთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული გადაცდომები ანუ არის შემთხვევები, როდესაც დიზელი არ აკმაყოფილებს დღეს არსებულ (ევრო 4) სტანდარტსაც და რა თქმა უნდა აქ გვაქვს საკმაოდ მკაცრი სანქციები“,- ამბობს bm.ge-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე, როგორც ევრო 5, ისე ევრო 4 სტანდარტის დიზელის ტიპის საწვავი იყიდება. კერძო სექტორი ერთიანი სტანდარტის შემოღების წინააღმდეგი არ არის, პირიქით ეს მათი თქმით, გაზრდის კონკურენციას, თუმცა ბუნებრივია ბაზრიდან გაქრება დაბალფასიანი პროდუქტი, რომელიც მაღალი სტანდარტის საწვავისგან განსხვავებით, 10-15 თეთრით უფრო ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდა.

„თუ შემოვა ევრო 5 სტანდარტი ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ერთი მხრივ გარემოსდაცვითი მიმართულებით. ასევე ბაზარზე ყველა შემომტანი მეტნაკლებად ჩადგება თანაბარ პირობებში. ყველას ექნება ერთი ხარისხის, სტანდარტის მქონე საწვავის შემოტანის ვალდებულება და ეს თავისთავად ბაზარზე ვითარებას ჯანსაღი კონკურენციის მხრივ გამოასწორებს. არ მინდა იმის თქმა, რომ მკვეთრად მოხდება ფასების ცვლილება აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე, უბრალოდ შეიძლება ითქვას, აღარ იქნება დაბალფასიანი პროდუქტი, რომელიც იყო ქსელებში წარმოდგენილი. ამ პროდუქტს ძირითადად გამოიყენებდნენ ძველ სატრანსპორტო საშუალებებში. თუ გავითვალისწინებთ, რომ დარჩება ერთი, მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ავტოპარკის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, ფასთაშორის სხვაობა 10-15 თეთრით მძიმე ტვირთად არ დააწვება მომხმარებლებს“,- ამბობს „გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტი დღეს ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება, თუმცა საქართველოსთვის დიზელის მომწოდებლები ტრადიციული ბაზრები რუმინეთი, ბულგარეთი და თურქმენეთი არიან.

ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ევრო 5 სტანდარტის დიზელის საწვავის ექსპორტის დაწყებას აზერბაიჯანიც შეძლებს, სადაც ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება განხორციელდა.

სწორედ აზერბაიჯანის სათანადო საწარმოო სიმძლავრეების არარსებობა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ნავთობიმპორტიორებმა მთავრობას დიზელის ევრო 5 სტანდარტზე გადასვლის გადავადება რამდენჯერმე სთხოვეს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ჯერ 2021 წლის 1 იანვარს, შემდეგ კი 2022 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში. ამჯერად, მთავრობის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დრო 2023 წლის 1 იანვარია.