2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტში ხარვეზებით მიმდინარეობდა - ამის შესახებ აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროცესი შემდეგი ნაკლოვანებებით გამოირჩევა:
2021 წელს ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადები ზოგიერთ შემთხვევაში არ მოიცავს კოდექსით დადგენილ სრულ ინფორმაციას;
2022 წელს ბიუჯეტების პროექტის მომზადების მიზნით, მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს არ გაუგზავნია და საბიუჯეტო ორგანიზაციებს არ წარმოუდგენიათ საბიუჯეტო განაცხადის ფორმები ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით;
2021 წელს საკუთარი შემოსულობები მუნიციპალიტეტში 2020 წელთან შედარებით 524.1 ათასი ლარით გაიზარდა. ამდენად, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი ექვემდებარებოდა შესაბამისი თანხით გაზრდას. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა;
2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში შედგენილია ხარვეზებით და მასში სრულყოფილად ასახული არ არის კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაცია.
აქედან გამომდინარე, აუდიტი წერს, რომ 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ხარვეზებით და არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც მიმდინარე წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა.