სახელმწიფო აუდიტმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში მივლინების ხარჯების შეუსაბამობა დაფიქსირდა.
კერძოდ, 2021- 2022 წლებში საჯარო მოხელეების მივლინებისთვის 12 ათას ლარზე მეტია დახარჯული ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მივლინების შედეგების პრაქტიკაში გამოყენება დოკუმენტურად არ დასტურდება.
საქმე ის არის, რომ მუნიციპალიტეტმა საკუთარი ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მოხელე შესაძლებელია გაგზავნოს მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფინანსური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებისათვის, დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად თითოეული დაწესებულება შეიმუშავებს ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარ სისტემას. ფინანსური მართვა და კონტროლი მოიცავს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროცესებს, ოპერაციებსა და ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფს სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოების მიხედვით კი, 2022 წელს მუნიციპალიტეტმა ქვეყნის გარეთ მივლინებებში დახარჯა 8.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა დოკუმენტური მტკიცებულებები სამივლინებო თანხების ეფექტიანად გამოყენების შესახებ ვერ წარმოადგინა. კერძოდ, არ მომზადებულა რაიმე სახის ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა მივლინებებით დასახული მიზნებისა და მიღწეული კონკრეტული შედეგების შეფასებას.
გარდა ამისა, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის 26 მოხელე მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ − საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სწავლება-ტრენინგში. მივლინებების მიზანშეწონილობის შესწავლით გაირკვა, რომ 9 პირის სამსახურებრივი პროფილი განსხვავდებოდა ჩატარებული სწავლების თემისგან.
მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული პირების მივლინებების მიზანშეწონილობა და დახარჯული 4.7 ათასი ლარის ეფექტიანობა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. 2021- 2022 წლებში საჯარო მოხელეების მივლინებისთვის 12.7 ათასი ლარი დახარჯულია ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მივლინების შედეგების პრაქტიკაში გამოყენება დოკუმენტურად არ დასტურდება.