მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დომინირება არ ფიქსირდება, თუმცა ძალაუფლების ცენტრი ქსელური მარკეტების მხარესაა“ - რას აჩვენებს FMCG ბაზრის მონიტორინგი?

FMCG

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზარზე დომინანტი კომპანიები ან ჯგუფური დომინირება არ ფიქსირდება და ამის შედეგია, რომ სააგენტომ რამდენიმე ქსელის გაერთიანებაზე გასცა ნებართვა, თუმცა მისივე თქმით, ძალაუფლების ცენტრი ქსელური მარკეტების მხარესაა იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან მიმართებით. ამის შესახებ ლექვინაძემ BMG-სთან განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის შუალედური ანგარიში წლის ბოლოსთვის გახდება საჯარო.

„FMCG ბაზრის მონიტორინგი გრძელდება. ჩვენ წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ გარკვეული შუალედური ანგარიშის წარმოდგენას, თუმცა შემიძლია, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გითხრათ, რაც ამ ეტაპზე გამოკვეთილია. პირველი ის, რომ ჩვენი შეფასებით, ამ ბაზარზე დომინანტი კომპანია რითეილის და ქსელური სუპერმარკეტის მხრიდან არ ფიქსირდება, რადგანაც ყველაზე მაღალი წილის მქონე კომპანიების მაჩვენებელი დაახლოებით ბაზრის 12%-იან წილს აღწევს და კანონმდებლობით, 40%-ს უნდა აღემატებოდეს ერთი კომპანიის შემთხვევაში, ხოლო სამი კომპანიის ჯამური 50%-ს, რომ ბაზარზე დომინირება იქნეს დადგენილი. თუმცა ვადასტურებთ იმას, რომ რიგ ქსელურ მარკეტებს გააჩნიათ გარკვეული ძალაუფლება დისტრიბუტორებისა და მიმწოდებლების მიმართ, რაც სამართლიანი ვაჭრობის მიმართულებით გულისხმობს გარკვეულ დისბალანსებს და მათ შეუძლიათ ასე ვთქვათ გარკვეული პირობები უკარნახონ აღნიშნულ მიმწოდებლებს“,- განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ქსელურ მარკეტებში შესვლის მზარდი ფასები მათ შორის იმაზე მიანიშნებს, რომ მარკეტებს გარკვეული ძალაუფლება აქვთ. რაც შეეხება რეგულირებას, ლექვინაძის თქმით, ფასების მიმართულებით მკაცრ რეგულირებაზე საუბარი არ არის, თუმცა არის ბევრი კარგი პრაქტიკა, მათ შორის ევროპაში და სწორად უნდა შეფასდეს ადგილობრივი ბაზრისთვის მიზანშეწონილი მიდგომა.

„თუ ვნახავთ ბოლო სამი წლის ტენდენციას, ხარჯები, რომლებსაც მიმწოდებლები და იმპორტიორები აწყდებიან ქსელურ მარკეტებში შესვლისას, გარკვეულწილად გაზრდილია. ეს გარკვეულწილად ზეწოლის მომხდენია რიგ პროდუქტებთან მიმართებით ფასებზე. ეს სწორედ ამ მნიშვნელოვანი გარკვეული ძალაუფლების მქონე სიტუაციის მაჩვენებელია საბოლოო ჯამში, თუმცა საჭიროა თუ არა დამატებითი რეგულაცია და როგორი უნდა იყოს, რაზეც ადრეც არაერთხელ იყო მსჯელობა, ალბათ ჩვენმა მონიტორინგმა ამ მიმართულებით უნდა დადოს გარკვეული დასკვნა, რაც იქნება საკმაოდ სრულფასოვანი და სიღრმისეული შეფასება. ფასების რეგულირებაზე საუბარი არასდროს ყოფილა და ვფიქრობ, ყველა შორს არის იმ აზრისგან, რომ ასეთი მკაცრი რეგულირება უნდა მოხდეს ფასების თვალსაზრისით. მთავარი ამოცანაა, რომ ფასები იყოს სამართლიანი და თუ რაიმე ზეწოლას ახდენს გარკვეული პროდუქტების ფასები მიმართულებით, ეს ზეწოლის საკითხები თუ ფაქტორები, იყოს განეიტრალებული. შესაძლოა, რეგულაცია იყოს საჭირო, ვინაიდან ფაქტია, რომ დღეს არსებული კონკურენციის კანონმდებლობა ვერ ფარავს იმ პრობლემების გადაჭრის საკითხს, რომლებიც არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები