აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოსთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გაუქმებით იმუქრება. როგორც ირკვევა, ვაშინგტონის უკმაყოფილების მიზეზი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვაზე ლონდონის უარია.
Sky News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შეთანხმების პირობების ნებისმიერ დროს შეცვლა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ამერიკელი ლიდერის ზეწოლაზე დამორჩილებაზე უარი განაცხადა. პოლიტიკოსის განცხადებით, იგი საკუთარ პოზიციას არ შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის ლიდერმა ეჭვქვეშ “აშშ-ბირტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობების" სიმტკიცეც დააყენა. ტრამპის თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს მოკავშირეს მაშინ არ უჭერს, როცა ეს მას ძალიან სჭირდება. პრეზიდენტმა კირ სტარმერი ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების შემცირების გამოც გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა ამ გადაწყვეტილებას "ტრაგიკული შეცდომა" უწოდა. მისი აზრით, ეს ბრიტანეთში ენერგორესურსების ფასების ზრდის მთავარი მიზეზია.
ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარეებმა ხელი 11 თვის წინ მოაწერეს. დოკუმენტი ბრიტანულ ფოლადსა და ავტომობილებზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ ლონდონმა ამერიკული საქონლის ხორცისთვის ბაზარი გახსნა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ფოლადზე დაწესებული ბაჟი სრულად ჯერ კიდევ არ გაუქმებულა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტრამპის მეორე ვადის დროს აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა.




























