მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“DRG +” - როგორ შეუძლია სახელმწიფოს ძვირადღირებულ სამედიცინო ტექნოლოგიებზე ხარჯი შეამციროს?

63ee470c692aa
ელენე გოგბერაშვილი
16.02.23 23:35
644
2023 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების სისტემა შეიცვალა. DRG-ის, იგივე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელით, სახელმწიფოს მხრიდან კლინიკის ანაზღაურების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი და სხვა რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

გამოიკვეთა, რომ ახალმა სატარიფო სისტემამ განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ოპერაციული ჩარევების დროს შექმნა პრობლემები. ექიმი ორთოპედ-ტრამვატოლოგები ამბობენ, რომ DRG-ით განსაზღვრული ტარიფი არ უზრუნველყოფ ხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებას, რის გამოც მათმა ნაწილმა დროებით ოპერაციების ჩატარებაზე უარი თქვა.

აღსანიშნია, რომ DRG-ის ძალაში შესვლის შემდეგ, პაციენტებს აღარ აქვთ უფლება მათთვის სასურველი მომსახურება მოითხოვონ და ამაში დამატებითი თანხა თავად გადაიხადონ.

მაგალითად, თუ ადრე კარდიოლოგიურ პაციენტს შეეძლო, კონკრეტული წარმოების სტენტი მოეთხოვა და ამაში დამატებითი თანხა გადაეხადა, ხოლო ოპერაციის დანარჩენ ნაწილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უფინანსებდა, ახლა იმისთვის, რომ მისთვის სასურველი სტენტი ჩაუდგან, მან უნდა დატოვოს „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“ და ოპერაციის თანხა თავად გადაიხადოს.

აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის მესვეურებს სხვა მიდგომის გამოყენებას ურჩევს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს “DRG +” , რითაც სახელმწიფოს ძვირადღირებულ სამედიცინო ტექნოლოგიებზე ხარჯის შემცირება შეუძლია.

„DRG +“ ანუ ყველა სხვა კომპონენტი აუნაზღაურო „DRG +“-ით და პირობითად პროტეზთან მიმართებაში აიღო და გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია.

დიდი ხანია მოვუწოდებთ, რომ გააკეთონ შესყიდვების ე.წ ჩარჩო კონტრაქტირება. ანუ როგორც კარდიოსტიმულატორებზე გააკეთეს, ტენდერით შეისყიდეს და იმის და მიხედვით თუ როგორი იყო მოხმარება, ფიქსირებული ფასით აძლევდნენ კლინიკებს. საუბარია იგივე ვარიანტზე, რომ ძვირადღირებულ პროტეზებზე, ბროლზე, სხვა ერთჯერად სამედიცინო ტექნოლოგიურ საგნებზე, როცა წინასწარ იცი დაახლოებით რა მოცულობა გჭირდება, ტენდერი გამოაცხადო და დააფიქსირო ერთი წლით ფასი, რომ არ იყოს ინფლაციის და გაცვლითი კურსის პრობლემა. მერე ის კლინიკები, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, წავლენ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან გამოიტანენ საჭიროების მიხედვით ამ მასალებს. ამით შეიძლება მინიმუმ 200 მლნ დაზოგო, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებისთვის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია“,-აცხადებს აკაკი ზოიძე.

ის, რომ ექიმები დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლით გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ, აკაკი ზოიძის შეფასებით, უნდა იყოს დიალოგის ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის.

„დიალოგი უნდა იყოს და არა მონოლოგი. ის, რომ შევხვდით კერძო სექტორს და მოვახსენეთ რას ვაპირებთ, არ არის საკმარისი. დიალოგი ნიშნავს მეორე მხარესაც მოუსმინო და ეს იყოს მუდმივი და სისტემური.

როცა ასეთ ფართომასშტაბიან რეფორმებს აკეთებ მნიშვნელოვანია მუდმივად, პერიოდულობით, რეგულარულად ხდებოდეს ამ აზრების ურთიერთგაცვლა. შეიძლება მერე რეაგირება გააკეთო ან არ გააკეთო, მაგრამ რა უშლის ხელს იმას, რომ ინფორმაცია იყოს გამჭვირვალე და გაცვლილი?“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები