კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემის დანერგვით მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა - ასეთია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის შეფასება, მისი მინისტრობის პერიოდში სისტემაში გატარებული ერთ-ერთი რეფორმის შესახებ.
მინისტრის პოსტიდან მოხსნის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა დღეს, ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყების ხელმძღვანელად 2-წლიანი საქმიანობა შეაფასა. ზურაბ აზარაშვილის წერს, რომ კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემის დანერგვა 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი იყო.
„პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა.
დრჯ-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა“, - წერს აზარაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ხმაურის ფონზე დაინერგა წამლებზე რეფერენტული ფასები: „დღეს მოსახლეობისთვის წლიურად ასობით მილიონი ლარის დაზოგვასთან ერთად, მეამაყება, რომ ქვეყნის ინფლაციის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის პოზიტიურობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთო ჯამში, თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება“.
ცნობისთვის: სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
DRG სისტემის დანერგვამ რიგი სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების პროტესტი, მისი შემოღების პირველივე ეტაპზე გამოიწვია.