"გამოწვევაა 12 თვეზე თუ არა, 6 თვეზე მაინც ისე დატვირთვა, რომ მთელი წლის შემოსავლებზე აისახოს", - ამის შესახებ BM.GE-სთან Dreamland Oasis Chakvi-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, მამისა ვარშალომიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიამ ამ მიზეზით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება დაიწყო, მათ შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.
"სხვადასხვა ღონისძიებით სასტუმროს დატვირთვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სექტემბერში თითქმის ყველა სამუშაო დღე დატვირთულია. მათ შორის გვექნება კონკრეტულად ღონისძიების და ქორწილების დაგეგმვის გამოფენა, რომელზეც ყველა დაინტერესებულ პირს ერთმანეთთან დავაკავშირებთ", - განაცხადა მამისა ვარშალომიძემ.
რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, მისივე თქმით, კომპლექსში, არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და ორი კორპუსის აშენება იგეგმება, რომელიც დეველოპმენტის ნაწილია. სივრცეს 400 აპარტამენტი დაემატება და ჯამში, პროექტი 45 მლნ ლარს გადააჭარბებს.
"„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში პირველი ობიექტი იყო, პირველი კომპლექსი, რომელიც აპარტ სასტუმროსა და სასტუმროს გაერთიანებით შეიქმნა. დღესდღეობით, ტერიტორია საკმაოდ აქტიური ხდება, განსაკუთრებით ქობულეთი-ჩაქვის სანაპიროები.
რეგიონში იმდენი სასტუმროა გახსნილი, რომ მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციისას ჩვენთვის საინტერესო გახდა, თუ რა არის მათი მოტივაცია, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ფესტივალები, სხვადასხვა აქტივობები ქვეყნის და რეგიონულ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამან უნდა მოიზიდოს ტურისტი. თუმცა, მათი ინდივიდუალურ დონეზე გამოკითხვით გამოიკვეთა, რომ მათი ინტერესი არის მშვიდი გარემო და ასევე ახლოს ყოფნა ქალაქთან",- აცხადებს ვარშალომიძე.
ინფორმაციისთვის, "დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი" პრემიუმ კლასის დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დაბა ჩაქვში, შავი ზღვის პირველ სანაპირო ზოლში მდებარეობს. მასში განთავსება, საუზმით ზაფხულის პერიოდში 200-350$-მდე მერყეობს.